• Geo
  • Eng
11.07.2012
გიორგი მერებაშვილი – დინამოში მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ

დინამოელები ბაკურიანიდან დაბრუნდნენ. სლოვენიაში გამგზავრებამდე გუნდი დიღმის ბაზაზე მოემზადება. უცხოურ შეკრებაზე გამგზავრების წინ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი გიორგი მერებაშვილს გაესაუბრა.

როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის?

გასულ სეზონში დინამომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე არასახარბიელო სეზონი ჩაატარა. დინამოს მაისურით ვითამაშებ თუ არა დინამოს წარმატება ყოველთვის მახარებს. დინამოში დიდი იმედებით დავბრუნდი, თუმცა სეზონი ჩაგვივარდა. ახლა კი ახალი სეზონისთვის ვემზადებით. ახალი მწვრთნელი, გუნდში შექმნილი ჯანსაღი ატმოსფერო და კარგი განწყობა – ამას ემატება უდიდესი მოტივაცია, ჩვენ ტრადიციულად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.  გუნდმა მზადების პირველი ეტაპი ბაკურიანში გაიარა, სადაც ძირითადად ყურადღება ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმო. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე მუშაობა არ დაგვიწყია. 15 ივლისს კი გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება, იქ კი უშუალოდ სათამაშო სქემის დამუშავება–დახვეწაზე იქნება აქცენტი გაკეთებული.

ახალ სეზონში ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტად?

გასულ ჩემპიონატში სამეულში შესული გუნდები და მათ დამატებული გორის დილა. ვფიქრობ წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება, ვიდრე გასული გათამაშება იყო.

შენ წასვლამდე და შენი დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა...

დინამოში დაბრუნებულს რადიკალურად შეცვლილი სურათი დამხვდა. ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. დინამოში ახლა ისეთი პირობებია შექმნილი ბევრი საშუალო ევროპული დონის გუნდი რომ ინატრებს. ასეთი ბაზით ალბათ ვერც გრანდები დაიტრაბახებენ. შესანიშნავი ატმოსფეროა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ – ეს კი ჩვენთვის დიდი სტიმულია, ჩვენის მხრივ ფეხბურთელებმა საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ და მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ არამარტო ეროვნულ ასპარეზზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც.

ბაზაზე დაგებულ მინდვრის ახალ საფარს როგორ შეაფასებდი?

ფეხბურთელს სავარჯიშოდ პირველ რიგში კარგი მინდვრის საფარი უნდა ქონდეს. წარმოუდგენელია ფეხბურთში წარმატებაზე იფიქრო და ნორმალური საფარი არ გქონდეს, ეს იგივე, რომ მოჭიდავემ ტატამის ნაცვლად ასფალტზე ივარჯიშოს. ჩვენს სტადიონზე და სავარჯიშო მოედნებზე ერთმანეთის იდენტური ბალახის საფარი არის დაგებული, ეს კი ერთობ გაგვიადვილებს დამუშავებული კომბინაციების შესრულებას და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას.

როგორი ურთიერთობა გაქვთ ახალ მწვრთნელთან?

ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ყველა მწვრთნელს საკუთარი საფეხბურთო შეხედულება და ხელწერა აქვს. ჯერ–ჯერობით ტაქტიკურ წვრთნებზე არ გადავსულვართ და დუშან უჰრინის საფეხბურთო ფილოსოფიას ბოლომდე არ გავცნობილვართ. პიროვნულად კი ნამდვილად დადებითი ადამიანია. დუშან უჰრინი ჯერ–ჯერობით ფეხბურთელებს ეცნობა. ვგონებ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე უფრო უშუალო და გახსნილი იქნება.

რას ნიშნავს შენთვის დინამო?

ჩემთვის დინამო კლუბზე მეტია. აქ პირობებზე და ფინანსურ დაინტერესებაზე არც არის საუბარი. ფეხბურთის მხრივ სამწუხაროდ დღეს სერბეთი უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, ვიდრე საქართველო, თუმცა ამ ფაქტორს დინამოში დაბრუნებისთვის ხელი არ შეუშლია, თანაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე  გუნდი რომელთაც კარგი პირობები აქვთ. დინამოში დაბრუნება ჩემს ოცნებასთანაა დაკავშირებული. დინამოს მაისურით საქართველოში ფაქტობრივად ყველაფერი მოვიგე, არაერთი ინდივიდუალური პრიზიც მოვიპოვე, თუმცა ერთი ოცნება კვლავ აუხდენელი რჩება – დინამოს მაისურით უეფას ტურნირების დასკვნით ეტაპებზე ღირსეულად გამოსვლა მსურს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024