დღეს მიხეილ მესხის სახელობიოს სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა. ბოლნისის სიონმა დინამო თბილისს უმასპინძლა.
შეხვედრა საშუალო რიტმში დაიწყო და მთელი პირველი ტაიმი იმავე რიტმში გაგრძელდა. სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დინამო დაეუფლა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ჯიღაურმა, ბუკორაცმა, შერგელაშვილმა და მანუელმა რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა, მაგრამ უშედეგოდ. 35- ე წუთზე ბოლნისელებმა არაზუსტად მოიგერიეს ბურთი და დაახლოებით 35 მეტრიდან მათე ცინცაძემ ზუსტი და ძლიერი დარტყმით გადაგზავნა ბურთი სიონის კარში 0:1. ტაიმის დამატებულ წუთზე სიონმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ზუსტი დარტყმა ალბერტუს ანგარიშზეა 1:1.
მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა საჯარიმო შეასრულეს. სიჭინავას ჩაწოდებულს დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და სიონი დააწინაურა 2:1. 56- ე წუთზე დინამოს შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც სტეფან ბუკორაცი შეცვალა. შეხვედრა მთლიანად დინამოელთა უპირატესობით გაგრძელდა. 79- ე წუთზე კიტეიშვილი-ჩირგაძის შეტევა საკმაოდ სახიფათოდ განვითარდა, მაგრამ არაზუსტი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ სიონმა 2:1 დაამარცხა დინამო.
სიონი 2:1 დინამო
გოლი: 0:1 ცინცაძე 35’ 1:1 ალბერტუ 45’ 2:1 ცნობილაძე 50’
გაფრთხილება: ფოფხაძე 28’ ცნობილაძე 56’ გურეშიძე 69’ რენე 74’
სიონი: მერლანი, გურეშიძე, ფოფხაძე, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი 68), სიჭინავა (ქებურია 62), უგულავა (ლობჯანიძე 73), ალბერტუ
დინამო: ჰრდლიჩკა, ჭანტურია, რენე, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, ბუკორაცი (კიტეიშვილი 56), პარუნაშვილი (ჯანელიძე 78), ჯიღაური (ჩირგაძე 63), ჭანტურიშვილი, მანუელი