ოთხშაბათს 26 ნოემბერს დინამო არენაზე სათასო შეხვედრა გაიმართება. დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის მერვედფინალის საპასუხო მატჩში დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.
26 ნოემბერს დინამოს თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია. 4 გამარჯვება და ერთი ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/5 თბილისელთა სასარგებლოდ.
1963 წელს მოსკოვის ლოკომოტივთან შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები მეტრეველმა და ხურცილავამ გაიტანეს.
1991 წელს თბილისელებმა ოჩამჩირეში ადგილობრივი ამირანი დაამარცხეს ანგარიშით 3:1. კაჭარავას დუბლს ერთი გოლი რევიშვილმა მიამატა. 2003 წელს დინამომ მცხეთას აჯობა იმავე ანგარიშით. იაშვილი, დარასელია და ალექსიძე გახდნენ ზუსტი დარტყმის ავტორები. სამი წლის შემდეგ ბათუმში ჩატარებული მატჩი ისევ 3:1 დასრულდა. ბობოხიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც გურამ კაშიას ანგარიშზეა. 2010 წელს თბილისელებმა ბოლნისის სიონს უმასპინძლეს. ვაწაძის და ლექვთაძის გოლებით გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ- 2:0.