• Geo
  • Eng
09.03.2015
დინამო ნახევარფინალში გავიდა

დღეს დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა გორის დილა მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა მეტოქე.

პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 18 თებერვალს გორში გაიმართა- უგოლოდ დასრულდა. დღევანდელი დაპირისპირება მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ გუნდს საბა ლობჟანიძე დაუბრუნდა, რომელიც პირველივე წუთებიდან ვიხილეთ მინდორზე. სამწუხაროდ ტრავმის გამო დინამოს გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა შერგელაშვილი და დისკვალიფიცირებული ლაშა პარუნაშვილი აკლდა.

მატჩის მე-11 წუთზე ნიკა კვეკვესკირის სახიფათო დარტყმა დინამოს სლოვაკმა კიპერმა- ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია. 22- ე წუთზე დინამოელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. მანუელმა ითამაშა კარგად და ბურთი ვახტანგ ჭანტურიშვილს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ შეტევაში ჩართული ოთარ კაკაბაძე მოძებნა. დინამოს მცველმა ზუსტი და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0. პირველი ტაიმი ხისტ ბრძოლაში და რეალური სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა.

მეორე ნახევარი ასევე ხისტად და პოზიციური ბრძოლებით დაიწყო. 61- ე წუთზე გიორგი ჯანელიძის პასის შემდეგ კიტეიშვილი ურტყავდა ძლიერად, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მატჩის 69- ე წუთზე საბა ლობჟანიძის საჯარიმოდან ჩაწოდებულს გიორგი გველესიანი გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული სტუმართა კარის ძელმა მოიგერია. ბოლო წუთებში გორელებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს. გორელიშვილმა დაარტყა სახიფათოდ, ბურთი აცდა დინამოელთა კარს. საბოლოოდ კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა გამარჯვებამდე მიიყვანა მატჩი და საქართველოს თასის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

დინამო  1:0  დილა

გოლი: 1:0 კაკაბაძე 22’ 

გაფრთხილება: თოთაძე 28’  მანუელი 58’  ბაგაევი 75’  ხურცილავა 90’ 

გაძევება: ფალავანდიშვილი 90+4’

დინამო: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე, კაკაბაძე, თოთაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 53), ცინცაძე, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 83), კიტეიშვილი, მანუელი (ჩირგაძე 62)

დილა: მიგინეიშვილი, ბაგაევი, კვახაძე, მარიჩი (წიქარიძე 87), ფალავანდიშვილი, ხურცილავა, გვალია, სეთურიძე, თექთურმანიძე (ერისთავი 55), კვეკვესკირი (ახალკაცი 82), გორელიშვილი

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024