30 ნოემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას თბილისში, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 25 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 20 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 75/15 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.
დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 27 აპრილს ლანჩხუთში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ და მარცვალაძემ გაიტანეს.