კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი დინამოსა და სამგურალს შორის წყალტუბოში გაიმართება. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე გუნდს შადრევანი ერქვა. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. იმერლებს ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სულ 11 სეზონი უთამაშიათ. პირველი ჩემპიონატის სტარტიდან 2002 წლამდე. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სწორედ 80- ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ჩემპიონობა და 1987 წელს ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.
მწვრთნელი და სამგურალი
სამგურალს ამა წლის იანვრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი გიორგი ჭელიძე ხელმძღვანელობს. მისი გუნდი 12 ტურის შემდეგ დაგროვილი 25 ქულით, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება.
დინამო - სამგურალი | ურთიერთშეხვედრები
დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 28 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 17 მატჩი მოიგო და 4 დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 75/21. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 11-ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 7-1 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა 7-0 იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ოთხი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. 2021 წელს წყალტუბოელებმა ორჯერ აჯობეს დინამოს. 25 აპრილს წყალტუბოში 2-0 და 23 ივნისს თბილისში 2-1. ყველაზე ხშირად (ხუთჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. 2022 წელს დინამო არენაზე მატჩი 18 აპრილს შედგა და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. 16 ივნისს წყალტუბოში მასპინძლებმა 2-1 მოიგეს. გოლი ბარნს ოსეის ანგარიშზეა. 10 სექტემბერს კი დინამომ დიდი ანგარიშით 3-0 იმარჯვა. გოლები ბარნს ოსეიმ, თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ გაიტანეს. ბოლოს 2022 წელს ეს გუნდები 26 ნოემბერს გადაიკვეთნენ. კოკისპირული წვიმის ფონზე მიმდინარე შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, გოლი იმრან ულად ომარის ანგარიშზეა. 2023 წელს პირველი მატჩი დინამომ გორში გიორგი მოისწრაფიშვილის და გიორგი ხარაიშვილის გოლებით 2-0 მოიგო.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას ზ. ფიფია და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დ. სანოძე გახლავთ. ვიდეო მსაჯი გ. ავაზაშვილი, ასისტენტი კი ჯ. ხორავა გახლავთ.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.