უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას 7 დეკემბერს დინამოელები ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი 14.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. სამაგიეროდ ჩვენმა მეტოქემ სუპერთასის შეხვედრაში იმარჯვა და ოქროს მედლები მოიპოვა. ჩემპიონატში დაკავებული მესამე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა.
მწვრთნელი და ჩიხურა
საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ექვსწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. იასპარეზა ევროთასებზე, სადაც თავი არ შეურცხვენია. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 14 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 19 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციაზე იმყოფება.
დინამომდე ...
ევროთასებზე ასპარეზობის შემდეგ ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატში ჩაება. ტურნირი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სიონთან მარცხით 0:1 დაიწყო. ამას მოჰყვა გამარჯვება ზესტაფონთან 2:1 და ფრე შუქურასთან 1:1. შემდეგ იყო მარცხი ფოთის კოლხეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1, რასაც საჩხერლებმა ზედიზედ ორი გამარჯვება მიაყოლეს მეტალურგთან და დილასთან. ორივე მატჩი ჩიხურამ 2:1 დაასრულა. მარცხი მარტვილის მერანთან 0:2 და იმავე ანგარიშით გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან. ისევ 1:2 და მარცხი სპარტაკთან. შემდეგ იყო ორი ყაიმი ქუთაისის ტორპედოსთან და ბათუმის დინამოსთან. შესაბამისად 2:2 და 0:0. ორ ფრეს საჩხერლებმა ზუგდიდთან გამარჯვება მიაყოლეს 1:0 და შემდეგ ისევ ორი ფრე ითამაშეს. თასზე ზესტაფონთან 0:0 და ჩემპიონატში გურასთან 2:2. თასის საპასუხო მატჩი ჩიხურამ 1:0 მოუგო ზესტაფონს, ბოლო ტურში კი დამარცხდა სამტრედიასთან 1:3.
დინამო VS ჩიხურა
დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 10 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა– 7 მოგება და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. ბოლო შეხვედრა დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.
11 დეკემბერს ეს გუნდები ერთმანეთში საქართელოს სუპერთასს გაითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ დინამო და ჩიხურა შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერთასის შეხვედრაში. ჩიხურამ 1:0 აჯობა თბილისელებს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩიხურას ნახევარმცველი- ბესიკ დეკანოიძე და თბილისელთა ნახევარმცველი- გიორგი პაპუნაშვილი დააკლდებიან.
დინამო VS ჩიხურა – მსაჯი
საჩხერის ჩიხურასა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც ივანწმინდაში 7 დეკემბერს 14.00 საათზე დაიწყება- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან გ. კიკაჩეიშვილი და ი. კვირიკაშვილი. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ა. ბასლეჰლო შეასრულებს.
ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2014 წლის 11 სექტემბერს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც მეტალურგმა დინამო 3:0 დაამარცხა, მსაჯმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 30 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატში გამართული დილა 1:0 მერანი გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ქვილითაია – კაშია, ქიმაძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე – კორიფაძე, ოდიკაძე, დობროვოლსკი, სიხარულია, კუჭუხიძე – მუმლაძე