დინამო არენაზე დასრულებული სუპერთასის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო საჩხერის ჩიხურა 1:0 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე სოსო ფრუიძე და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
სოსო ფრუიძე: პირველ რიგში ვულოცავ კახას ამ ტიტულს და ასე წარმატებით ევლოს დინამოსთან ერთად. გუშინ აღვნიშნე, რომ ფინალში სხვა დინამო იქნებოდა. უფრო მობილიზირებული და მონდომებულიც. ეს თამაშმაც დაამტკიცა და ჩვენი ვერგატანილი პენალტის მიუხედავად ვიტყვი, რომ დინამომ დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.
კახა გოგიჩაიშვილი: მადლობა კოლეგას და ჩემი მხრიდანაც წარმატებებს ვუსურვებ ჩიხურას მომავალში. თამაშში ჩემი ფეხბურთელების მხრიდან იყო განწყობაც და მონდომებაც. ვფიქრობ სანახაობრივი შეხვედრა ვნახეთ, გამართლებაც იყო ნაწილობრივ, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელია. მინდა ყველას მივულოცო დამსახურებული წარმატება. მადლობა ფეხბურთელებს და ჩვენს გულშემატკივარს. ბიჭებისთვის ეს გამარჯვება სტიმულია და წარმატებებს ვუსურვებ მათ.