• Geo
  • Eng
11.12.2014
დინამომ სუპერთასი მოიგო

საქართველოს სუპერთასის 2014 წლის შეხვედრა დინამო არენაზე წუთიერი დუმილით გაიხსნა. არენაზე მყოფმა პუბლიკამ პატივი მიაგო დინამოს სტადიონის არქიტექტორის- გია ქურდიანის ხსოვნას.

დაპირისპირება საშუალო ტემპში დაიწყო. მეოცე წუთზე საბა ლობჟანიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვერ ისარგებლა მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით. მანამდე დეკანოიძე ურტყავდა სახიფათოდ დინამოელთა კარისკენ. პირველი ტაიმის შუაში დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, ჩიხურას კართან ზედიზედ რამდენჯერმე კუთხურიც მოაწოდეს, თუმცა უშედეგოდ.  მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო. 57- ე წუთზე ჩიხურამ თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან თეიმურაზ ღონღაძე მივიდა, მისი დარტყმული კი ზემოდან გადასცდა დინამოს კარს. 10 წუთის შემდეგ დინამოელთა კომბინაციას გიორგი პაპუნაშვილი ასრულებდა კარში დარტყმით. ბურთი მეკარემ მოიგერია. რამდენიმე წუთში ცინცაძემ ასრულებდა საჯარიმო დარტყმას ტექნიკურად. მაქსიმე ქვილითაიამ ამ შემთხვევაშიც ზუსტად ითამაშა. თბილისელთა მომდევნო შეტევაც ძალიან სახიფათო გამოდგა, ჯერ გიორგი პაპუნაშვილი არტყავდა კარისკენ, შემდეგ კი საბა ლობჟანიძე, მაგრამ ბურთი საჩხერელთა მცველმა კუთხურზე მოიგერია. ლაშა პარუნაშვილის ტექნიკური და მოჭრილი დარტმა მე- 80 წუთზე ოდნავ ასცდა ჩიხურას კარის ცხრიანს. მომდევნო შეტევაში კი მუმლაძის დარტყმა მოიგერია ხარიხამ. შეხვედრის ბოლო წუთზე მათე ცინცაძის შორიდან ჩაწოდებული ბურთი შოთა კაშიამ გამოიტანა, ბურთს კი ჩისკომ თავი შეაგება და ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლამაზი დარტყმით 2014 წლის საქართველოს სუპერთასი დინამოს არგუნა.

მატჩის დასრულების შემდეგ დინამომ გულშემატკივართან და ხელმძღვანელობასთან ერთად იზეიმა გამარჯვება. თბილისურ კლუბს ტიტული სფფ- ს ვიცე პრეზიდენტებმა- ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ გადასცეს.

... ჩისკომ კი ლურჯ-თეთრი გუნდის შემადგენლობაში პროფესიული კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა და კაპიტნის სამკლავური ახალგაზრდა ნიკა ჭანტურიას გადასცა. ესპანელი ფორვარდი სამნახევარი სეზონის მანძილზე იცავდა დედაქალაქური გუნდის ღირსებას. 127 ჩატარებულ შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ორჯერ ჩემპიონობა იზეიმა და ამდენივეჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასი აღმართა. მისი მდიდარი კარიერის ბოლო აკორდი კი საქართველოს სუპერთასი გახდა. ტიტული, რომელიც დინამომ მეექვსედ მოიპოვა. დინამოს პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ, სფფ- ს წარმომადგენლებმა და ჩიხურას ხელმძღვანელობამ ჩვენი გუნდის 28 ნომერს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დინამოს 28 ნომრიანი მაისურა კი სამუდამოდ გადავიდა ესპანელის მფლობელობაში.

 

დინამო  1:0  ჩიხურა

გოლი: 1:0 ჩისკო 90’

გაფრთხილება: თოთაძე 49’  ოდიკაძე 57’  ცინცაძე 75’ 

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, გველესიანი, ჭანტურია, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე (ჩირგაძე 63), ლობჟანიძე (შერგელაშვილი 79), პაპუნაშვილი, ჩისკო (პაპავა 90)

ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (მუმლაძე 46), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე

მსაჯი: ა. კრიჭაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024