პარასკევს, 3 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის 22- ე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი წარმოგიდგენთ.
ჩვენი მეტოქე
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.
მწვრთნელი და დილა
2014 წლის ივნისიდან გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი- უჩა სოსიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე დინამოს მეორე გუნდს თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 21 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.
დინამომდე
ზამთრის პაუზის შემდეგ ჩემპიონატის მეორე წრე დილამ დინამოსტან სათასო დაპირისპირებით განაახლა. გორში ჩატარებული მატჩი უგოლოდ დასრულდა. ამას მოჰყვა ზედიზედ ორი გამარჯვება ცხინვალთან და ტორპედოსთან, შესაბამისად 1:0 და 2:1. შემდეგ ორი მარცხი ერთნაირი ანგარიშით 0:1. ბათუმის დინამოსთან და თასის საპასუხო შეხვედრაში დინამო თბილისთან. წარმატება ზუგდიდთან 4:0, შემდეგ ფრე 0:0 გურიასთან და გამარჯვება ჩიხურასთან 2:1.
დინამო VS დილა
ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა– 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.
უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.
შეხვედრის მთავარი მსაჯი
შეხვედრას დინამოსა და დილას შორის- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას- დ. ჩიგოგიძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენეტები იქნებიან- ი. კვირიკაშვილი და დ. სანოძე. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.
ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 28 მარტს პირველ ლიგაში გამართული ლაზიკა 1:0 ჭიათურა გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად 1 მარტს იმსაჯა. დინამოელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონთან დამარცხდნენ 1:2. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 27 თამაში / 99 ყვითელი / 6 წითელი / 5 პენალტი
პირველი ლიგა – 67 თამაში / 269 ყვითელი / 23 წითელი / 22 პენალტი
მეორე ლიგა – 22 თამაში / 65 ყვითელი / 3 წითელი / 12 პენალტი
საქართველოს თასი - 10 თამაში / 28 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდებიან.
დილას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
მიგინეიშვილი - ბაგაევი, მარიჩი, კვახაძე, ხურცილავა - სეთურიძე, ფალავანდიშვილი, ახალკაცი, კვეკვესკირი - გორელიშვილი, მოდებაძე