კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურში დინამოელები თბილისის მერანს შეხვდნენ. ჩვენი მეორე გუნდი მეტოქეს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული გახლდათ რა დროსაც სამწუთიან მონაკვეთში ლურჯ-თეთრებმა ორჯერ აიღეს მასპინძელთა კარი. 53-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში გახსნა, შემდეგ კი დავით გოცირიძემ ზუსტი თავურით გაიტანა. მატჩის 67-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად ჩაახვია და ფაქტიურად გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა. ბოლო ხუთ წუთში დინამოელებმა კიდევ ორი გოლი გაუტანეს მერანს. დასწრებაზე თავით და შედეგიანად ნიკა ქოქოსაძემ ითამაშა, ხოლო შეხვედრას წერტილი ოთარ აფციაურმა დაუსვა, რომლის დარტყმული ბურთიც მეკარემ ვერ შეიმაგრა და 0-5.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა, ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსანს 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას დინამოელები საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გამართავენ. ჩვენი გუნდი 27 მაისს აკადემიის მედანზე ვიტ ჯორჯიას მიიღებს. ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩს კი 31 მაისს, განახლებულ მიხეილ მესხის სტადიონზე, ბოლნისის სიონთან ჩაატარებენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი