საქართველოს 26- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის 26- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი თავის არენაზე ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართული დერბი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა ძირითადად შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდნენ. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია, ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა, გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ–ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.
მწვრთნელი და ტორპედო
მიმდინარე წლის იანვარში, მეორე ეტაპის სტარტზე ქუთაისურ კლუბის მთავარი მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა. ქუთაისელებმა ჩემპიონატში ჩატარებული 25 მატჩიდან 34 ქულა დააგროვეს და ქობულეთის შუქურასთან ერთად 8-9 ადგილებს იყოფენ სატურნირო ცხრილში.
დინამომდე
გათამაშების მეორე წრე ტორპედომ სამტრედიასთან სათასო მარცხით 1:2 გახსნა. ამას მოჰყვა უგოლო ფრე კოლხეთთან და ისევ მარცხი, ამჯერად გორის დილასგან 1:2. შემდეგ იყო ორი ფრე მერანთან 1:1 და თასზე საპასუხო მატჩი სამტრედიასთან 0:0. შემდეგ ტორპედომ 4 მატჩი მოიგო ზედიზედ. ვიტ ჯორჯიასთან 1:0, ცხინვალთან 2:0, 3:1 სამტრედიასთან და 3:2 ბათუმის დინამოსთან. შემდეგ იყო უგოლო ფრე ზუგდიდთან 0:0 და გამარჯვება გურიასთან 3:1. ბოლო მატჩი ტორპედომ ჩიხურასთან დათმო 1:2.
დინამო VS ტორპედო – ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 58 მატჩიდან, 29- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 101/56 თბილისელთა სასარგებლოდ არის.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.
დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2014 წლის 2 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი ტორპედოს კარში- ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის მცველი- ოთარ კაკაბაძე ვერ იასპარეზებს. ოთარმა ყვითელი ბარათების ლიმიტს გადააჭარბა.
დინამო VS ტორპედო – მსაჯი
ხვალინდელ დერბის- ლევან კვარცხელია განსჯის. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. ნონიკაშვილი და შ. ქუხილავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. სილაგავა შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლევან კვარაცხელიამ იმსაჯა 24 აპრილს გამართული კოლხეთი 3:0 მეტალურგი გახლავთ, სადაც კვარაცხელიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ერთხელ გააფრთხილა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლევან კვარაცხელიამ უკანასკნელად 2012 წელს იმსაჯა. 29 მარტს ჩვენი გუნდი გორის დილას დაუპირისპირდა და უგოლოდ დასცილდა. ხსენებულ მატჩში ლევან კვარაცხელიამ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი ხუთჯერ უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ლევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 18 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 77 თამაში / 300 ყვითელი / 18 წითელი / 17 პენალტი
პირველი ლიგა - 26 თამაში / 77 ყვითელი / 7 წითელი / 4 პენალტი
საქართველოს თასი - 15 თამაში / 58 ყვითელი / 5 წითელი / 5 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანგური მატჩები – 3 თამაში / 17 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი
ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
შეყრილაძე - ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ქიმაძე - კანკია, კლიმიაშვილი, კირკიტაძე, კვერნაძე - ტუღუში, კვარაცხელია