ოთხშაბათს, 18 თებერვალს 14.00 საათზე საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა– 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.
უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.
საქართველოს თასზე ეს გუნდები ერთმანეთს შარშანაც დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალური დუელი ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:2 დამთავრდა. საბოლოოდ დინამომ ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. 2011-2012 წლების სეზონში მერვედფინალური დაპირისპირების ორივე შეხვედრა თბილისელ და გორელ ფეხბურთელთა შორის ფრედ 0:0 და 2:2 მორჩა. სტუმრად შედეგიანი თამაშის ხარჯზე შემდეგ ეტაპზე დილა გავიდა.
18 თებერვალს დინამო თბილისს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2005 წელს ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონი მელქაძის გოლით 1:0 დაამარცხა.