დღეს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 26- ე ჩემპიონატის 29- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრა დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე გიორგი ჩირგაძის გადაცემით ვახო ჭანტურიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. თამაში აქტიურად გაგრძელდა და მე- 11 წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა აღადგინა წონასწორობა 1:1. მომდევნო შეტევაში ჩირგაძეს შეეძლო გატანა, თუმცა არაზუსტად ითამაშა. მე- 20 წუთზე დინამოს კართან ხიფათი შეიქმნა, სიტუაციაში რენე გაერკვა და განმუხტა მომენტი. თამაში ორივე გუნდმა აქტიურად გააგრძელა. პირველ ტაიმში ასევე აღსანიშნავია ვილი ისიანის დარტყმა 39- ე წუთზე, რომელიც დინამოს კარის ხარიხამ მოიგერია და სამიოდე წუთში დედაქალაქელთა შეტევა, როდესაც მასპინძელთა მეკარემ დასწრებაზე იყოჩაღა.
65- ე წუთზე ვახო ჭანტურიშვილი ბურთს ახლო მანძილიდან ურტყავდა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, კიდევ ერთი დარტყმა კი ზემოდან გადასცდა გურიას კარს. ექვს წუთში შეცვლაზე შემოსული მანუელის დარტყმა ოდნავ ასცდა მასპინძელთა კარს. 77- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილზე უხეშად ითამაშეს და მანვე ზუსტად და აუღელვებლად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა 1:2. 88- ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 2:2. ბოლო წუთზე კი თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. ერთი ერთზე გასული ჯაბა ჯიღაურის დარტყმული გაბრიელ თებიძემ მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
გურია 2:2 დინამო
გურია: თებიძე, კილაძე, ზოზულია, ღაღანიძე (ინგოროყვა 60), მჭედლიშვილი, კოშკაძე, მოსიაშვილი, ბენაშვილი, შალამბერიძე (წილოსანი 72), ისიანი, მათიაშვილი (შეველი 66)
დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯანელიძე (კიტეიშვილი 61), ჭანტურიშვილი (ჯიღაური 76), შერგელაშვილი (მანუელი 66), ჩირგაძე
გოლი: 0:1 ჭანტურიშვილი 2’ 1:1 მჭედლიშილი 11’ 1:2 პაპუნაშვილი 77’ 2:2 კოშკაძე 88’
გაფრთხილება: გველესიანი 54’ პაპუნაშვილი 87’
მსაჯი: ლ. სილაგავა