ხვალ 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. სეზონის ბოლო დაპირისპირებაში ერთმანეთის წინაშე დინამო თბილისი და სამტრედია წარდგებიან. ფინალური შეხვედრა 19.00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს. ასევე ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
სკ სამტრედია 1936 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.
საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის სათამაშო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახა კალაძეს.
მწვრთნელი და სამტრედია
სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014 წლის ნოემბრიდან ზაზა ზამთარაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა დასრულებული ჩემპიონატი 45 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა და გავიდა საქართველოს თასის ფინალში.
ფინალამდე...
სკ სამტრედიამ წლევანდელ თასზე ასპარეობა 1/16 ფინალში ქედის ბეთლემთან დაპირისპირებით დაიწყო და საერთო ჯამში ერთის წილ 7 გოლი გაუტანა მეტოქეს. მერვედფინალში სამტრედიამ რთული შეხვედრის შემობრუნება შეძლო. ბათუმის დინამოსთან პირველ შეხვედრაში 1:4 მარცხის შემდეგ, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საპასუხო მატჩში სამი უპასუხო გოლი გაუტანა ზღვისპირელებს. მეოთხედფინალში სამტრედია ქუთაისის ტორპედოს შეხვდა. პირველი მატჩი ჩვენმა მეტოქემ 2:1 მოიგო, ხოლო საპასუხო დაპირისპირებაში უგოლო ყაიმს დასჯერდა. ნახევარფინალში ზაზა ზამთარაძის გუნდმა საჩხერის ჩიხურას საერთო ჯამში 4:0 მოუგო.
დინამო vs სამტრედია
დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 31 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 31 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 24 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 შეხვედრა სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 76/17 თბილისელთა სასარგებლოდ.
ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. იაშვილი (2), კერძევაძე, დემეტრაძე, ინალიშვილი და ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. აშვეთიასა და შენგელიას დუბლს, კიკნაძემ, მუჯირმა და ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა გადელიამ, დათვაძემ, სახვაძემ, გოგოლაძემ და ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ხმალაძემ და ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი იელიჩის, არზიანის და ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 31 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ შვიდჯერ). 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.
ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის ამა წლის 22 თებერვალს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მიმდინარე ჩემპიონატის მე- 16 ტურში დინამომ 1:0 დაამარცხა სამტრედია. გოლი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა- მანუელ ონვუმ გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ფინალურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოელი ლაშა შერგელაშვილი გამოტოვებს.
დინამო VS სამტრედია - მსაჯი
ფინალურ შეხვედრას სამტრედიასთან გერმანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი მარკო ფრიცი გახლავთ. მას ასისტენტობას კრისტიან დიცი და დომინიკ შაალი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ყრუაშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მარკო ფრიცმა იმსაჯა, 16 მაისს ბუნდეს ლიგაში გამართული- ვოლფსბურგი 2:1 დორტმუნდის ბორუსია გახლავთ. აღნიშნულ მატჩში მარკო ფრიცმა ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის მარკო ფრიცის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
მარკო ფრიცი
დაბადების თარიღი: 1977 წლის 3 ოქტომბერი
===========================================
ბუნდეს ლიგა - 78 თამაში / 275 ყვითელი / 14 წითელი / 14 პენალტი
მეორე ბუნდეს ლიგა - 39 თამაში / 157 ყვითელი / 6 წითელი / 4 პენალტი
გერმანიის თასი - 10 თამაში / 35 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
პრო ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა ევროპა ლიგა - 5 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა ევროპის ჩემპიონატი U19 - 2 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა ევროპის ჩემპიონატი U21 - 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
თევდორაძე – ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია, შალიკაშვილი – დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დოლიძე, გორგიაშვილი – კერძევაძე, გაბედავა