• Geo
  • Eng
29.01.2015
მეორე მეტოქე – პოლტავის ვორსკლა

თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის მეორე სპარინგ მატჩს უკრანის პრემიერლიგის გუნდთან- პოლტავის ვორსკლასთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

გუნდი 1955 წელს დაარსდა. პოლტაველები საშინაო შეხვედრებს სტადიონ ვორსკლაზე მართავენ, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. პოლტავის ვორსკლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გათამაშებაში ძირითადად მეორე ლიგაში ასპარეზობდა. 1956 წელს გუნდმა უკრაინის თასი მოიპოვა. უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ვორსკლა 1996-1997 წლების სეზონში შეუერთდა და იმ გათამაშების ბრინჯაოს მედლებსაც დაეუფლა. 2009 წელს კი პოლტავის გუნდმა უკრაინის თასიც მოიგო. ევროპულ ასპარეზზე უკრაინული გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 2011-2012 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც ვორსკლამ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ჩვენი მომავალი მეტოქე უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 14 ჩატარებული შეხვედრიდან 18 ქულით მე–  8 ადგილზე იმყოფება. 4 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება და ბურთების ბალანსი 14/12. უკრაინის ჩემპიონატს გუნდი 28 თებერვალს დონეცკის შახტართან მატჩით განაახლებს. პოლტავის ვორსკლა მეორე შეკრებაზე თურქეთში 25 იანვრიდან იმყოფება. უკრაინელებმა პირველ შეკრებაზე  1:1 ითამაშეს ბულგარულ ლევსკისთან და 1:2 წააგეს აზერბაიჯანულ გაბალასთან. დინამოელები ვორსკლას ანტალიურ შეკრებაზე 2013 წლის იანვარშიც დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024