• Geo
  • Eng
26.05.2015
დინამომ მე- 12 თასი მოიპოვა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბ სამტრედიას დაუპირისპირდა. სანახაობრივი ფინალი გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით- 5:0 დასრულდა.

გადამწყვეტი შეხვედრა სამტრედიამ აქტიურად დაიწყო და მატჩის დებიუტში ლიბორ ჰრდლიჩკამ რევაზ გეწაძის საკმაოდ რთული დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ დინამომ გამოასწორა თამაში და მე- 15 წუთზე გიორგი ჯანელიძის კარგი თამაშის და ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა თაური დარტყმით სამტრედიას კარის შორეული კუთხე დალაშქრა 1:0. გატანილი გოლის შემდეგ შეხვედრის რიტმი ოდნავ შემცირდა. 34- ე წუთზე მანუელს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ რევაზ თევდორაძეს ვერ აჯობა. პირველ ნახევარში მეტი სახიფათო მომენტი აღარ ყოფილა და ტაიმი დინამომ 1:0 მოიგო. მეორე ტაიმი დინამომ აქტიურად დაიწყო და ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მანამდე ლიბორ ჰრდლიჩკამ გადაარჩინა თბილისელთა კარი. 49- ე წუთზე მანუელმა 2:0 გახადა ანგარიში, სამ წუთში კი გიორგი პაპუნაშვილმა შორეული და ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა 3:0. შეხვედრის 68- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა კარგად შეტევის მარცხენა ფრთაზე, ბურთი გადააწოდა მანუელს და ესპანელმაც ძლიერი დარტყმით დუბლი გაიფორმა 4:0. 87- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დავით ვოლკოვმა საფინალო ანგარიში- 5:0 დააფიქსირა. ამრიგად დინამო თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მე- 12 მოიპოვა.

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 74), ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ვოლკოვი 84), მანუელი (ლობჟანიძე 69)

სამტრედია: თევდორაძე, თედ. გრიგალაშვილი (ბეჭვაია 46),ნ ხიზანიშვილი, კვირკველია, კაკუბავა, დოლიძე, იაშვილი, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 57), შარიქაძე, გეწაძე (კაპანაძე 65), გაბედავა

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 15’  2:0 მანუელი 49’  3:0 პაპუნაშვილი 52’  4:0 მანუელი 68’  5:0 ვოლკოვი 87’

გაფრთხილება: კაკაბაძე 12’  დათუნაიშვილი 36’  კვირკველია 64’   კაკუბავა 74’  ვოლკოვი 85’

მსაჯი: მარკო ფრიცი (გერმანია)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024