დინამო არენაზე დასრულებული მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა გორის დილას 1:0 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე უჩა სოსიაშვილი და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.
უჩა სოსიაშვილი: აღვნიშნავ, რომ დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. ამ ორი გუნდის დაპირისპირებას სულ ახლავს ვნებათაღელვა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა მეტოქის ნახევარზე გადაეტანა ბურთი. ჩვენ მარტივ სიტუაციაში მივიღეთ გოლი. მთელი თამაში ნახევრადმომენტები იყო და ამ დროს დასანანია წაგება. ვულოცავ დინამოს და წარმატებებს ვუსურვებ.
კახა გოგიჩაიშვილი: მეც აღვნიშნავ იმ დაძაბულ ფონს, რაც ახლდა შეხვედრას. სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე თამაშში ხშირი იყო ორთაბრძოლები. გატანილი გოლის მერე დიდი ყურადღება დავუთმეთ დაცვაში თამაშს, ვეცადეთ ყურადღებით გვეთამაშა და შევძელით კარის მშრალად შენახვა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივარს და ვფიქრობ დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში.