• Geo
  • Eng
04.02.2015
გამარჯვება დამატებით სპარინგში

დინამომ თურქულ შეკრებაზე დღეს დამატებითი სპარინგი გამართა. ჩვენი მეტოქე უზბეკეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი- ნასაფი გახლდათ. კლუბი აზიის მნიშვნელობით მეორე საკლუბო ტურნირის- აზიის კონფედერაციის თასის 2011 წლის მფლობელია. ნასაფმა, რომელიც მიმდინარე სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაში გამოვა, შეკრებაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. მათ შორის პოლონეთის ექსტრაკლასის გუნდებს, გურნიკს (1:0 ) და კორონას (2:0 ) მოუგო. დინამოს მორიგი მატჩი,  სლოვენიური დომჟალეს ნაცვლად სწორედ კორონასთან იგეგმება. დინამო-ნასაფის მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის ბოლოსკენ მანუელმა გაიტანა, რომელმაც კაკაბაძის დარტყმულზე მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს პირველმა მიუსწრო. ჩვენი გუნდი პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა უპირატესობას. პირველ ტაიმში შეეძლოთ გატანა ტაბატაძეს, კიტეიშვილს, მიქელთაძეს, ჯიღაურს. მეორე ნახევარში კი ახლოს იყვნენ მიზანთან რენე ფერეირა, მანუელი და ლობჟანიძე, რომელსაც ისევე როგორც წინა მატჩში პრაღის სპარტასთან, ამჯერადაც არ გაუმართლა- მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შეხვედრა ხისტ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. იყო უხეშობაც. თამაშის მე- 10 წუთზე ტრავმის გამო მოუწია მოედნის დატოვება ჯანელიძეს, იგივე მიზეზით შეიქნა შესაცვლელი უგულავაც. დღევანდელ შეხვედრაში მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს ჰრდლიჩკას, თოთაძეს და ჭანტურიას. ვერ ითამაშეს ცინცაძემ, ჩირგაძემ, შერგელაშვილმა და პაპუნაშვილმა.

დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, ჯაფიაშვილი, ბუკორაცი (პარუნაშვილი 54), ჯანელიძე (ჯიღაური 10), გუგა (ჭანტურიშვილი 60), კიტეიშვილი (კაკაბაძე 73), მიქელთაძე (მანუელი 71), უგულავა (ლობჟანიძე 68)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024