შაბათს 14 მარტს, ქობულეთში საქართველოს ჩემპიონატის მე- 19 ტურის შეხვედრა გაიმართება. ჩელე არენაზე ერთმანეთს ადგილობრივი შუქურა და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.
14 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ხუთივე მატჩი დინამომ გასვლაზე ჩაატარა. 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 8/3 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
1995 წელს მეექვსე ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში დინამომ ყვარელში დურუჯი დაამარცხა სამი უპასუხო ბურთით. გოლები ჯამარაულმა, იაშვილმა და ყაველაშვილმა გაიტანეს. მომდევნო წელს იმავე ტურში 3:1 იმარჯვა დინამომ. დედაქალაქელებმა კერძევაძის, ანჩაბაძის და იაშვილის გოლებით სენაკში ეგრისი დაამარცხეს. 1998 წელს მეცხრე ჩემპიონატში დინამომ რუსთავის მეტალურგს აჯობა 1:0. თავი აშვეთიამ გამოიჩინა. 2003 წელს მეთოთხმეტე პირველობაზე დინამო ტორპედოსთან დამარცხდა 0:1. 2010 წელს ოცდამეერთე ჩემპიონატში ჩვენი გუნდი ზუგდიდის ბაიას შეხვდა და კრსტეცკის გოლით 1:1 ითამაშა მეტოქესთან.