საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში, ჩელე არენაზე ადგილობრივი შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. 2003-04 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-13 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-14 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა.
2013-14 წლების სეზონში შუქურამ შეძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა.
ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).
მწვრთნელი და შუქრა
ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ამ ზამთრიდან- გელა სანაია მუშაობს. მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 24 ქულით, სატურნირო ცხრილში მე- 8 ადგილზე იმყოფება.
დინამომდე
ზამთარში შუქურამ თურქეთში გაიარა შეკრება. დამარცხდა მაკედონურ შკენდიასთან 1:2 და 3:2 აჯობა ზენიტის დუბლებს. პირველობა ქობულეთურმა გუნდმა ზუგდიდთან 0:1 მარცხით განაახლა. ამას კი ზედიზედ ორი გამარჯვება მოჰყვა ერთნაირი ანგარიშით 2:0. შესაბამისად გურიასთან და ჩიხურასთან.
შუქურა vs დინამო – ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ამ გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ.
ამ სეზონში თბილისური და ზღვისპირა გუნდი ერთმანეთს საქართველოს თასზეც შეხვდნენ. 18 ნოემბერს მერვედფინალის პირველი შეხვედრა ქობულეთში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი გიორგი ჩირგაძის ანგარიშზეა. საპასუხო მატჩში 26 ნოემბერს დინამომ 3:1 დაამარცხა სტუმრები. გიორგი ჩირგაძემ ამჯერადაც გაიტანა შუქურას კარში გოლი. თავის გამოჩენა ასევე ლაშა პარუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ შეძლეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო შუქურადან დავით ხოჭოლავა გამოტოვებს.
შუქურა vs დინამო - მსაჯი
ქობულეთის შუქურასა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც ქობულეთში 14 მარტს 15.00 საათზე დაიწყება- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და დ. კვეტენაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან გ. დოგრაშვილი და ი. კვირიკაშვილი. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ვ. ბასილაია შეასრულებს.
ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2014 წლის 7 დეკემბერს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც ჩიხურამ დინამო 1:0 დაამარცხა, მსაჯმა ოთხი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 9 მარტს საქართველოს თასზე გამართული ვიტ ჯორჯია 1:4 ცხინვალი გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ყრუაშვილი
დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 26 თამაში / 94 ყვითელი / 4 წითელი / 3 პენალტი
პირველი ლიგა – 25 თამაში / 74 ყვითელი / 11 წითელი / 6 პენალტი
მეორე ლიგა – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი – 8 თამაში / 15 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
შუქურას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ჯიოევი - გურული, ტუღუში, კალანდაძე, ტვილდიანი - ჩალაძე, პუკანიჩი, ლუიზინიუ, კუხიანიძე - ჩელებაძე, პაულუ ვიქტორი