• Geo
  • Eng
12.03.2015
შუქურა vs დინამო - ურთიერთშეხვედრები

შაბათს 14 მარტს, ქობულეთში ჩელე არენა საქართველოს პირველობის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. ადგილობრივი შუქურა დინამო თბილისს მიიღებს. მატჩი 15.00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტრანსლაციას და ტექსტურ რეპორტაჟს გულშემატკივარი დინამოს საიტზე იხილავს.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ამ გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ.

ამ სეზონში თბილისური და ზღვისპირა გუნდი ერთმანეთს საქართველოს თასზეც შეხვდნენ. 18 ნოემბერს მერვედფინალის პირველი შეხვედრა ქობულეთში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი გიორგი ჩირგაძის ანგარიშზეა. საპასუხო მატჩში 26 ნოემბერს დინამომ 3:1 დაამარცხა სტუმრები. გიორგი ჩირგაძემ ამჯერადაც გაიტანა შუქურას კარში გოლი. თავის გამოჩენა ასევე ლაშა პარუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ შეძლეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024