• Geo
  • Eng
20.02.2015
სამტრედია vs დინამო - ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან

22 თებერვალს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მე- 16 ტურში დინამო თბილისი სამტრედიას დაუპირისპირდება. შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა ასევე დინამოს ოფიციალურ ვებ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 30 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 30 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 23 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 შეხვედრა სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი  75/17 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. იაშვილი (2), კერძევაძე, დემეტრაძე, ინალიშვილი და ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. აშვეთიასა და შენგელიას დუბლს, კიკნაძემ, მუჯირმა და ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა გადელიამ, დათვაძემ, სახვაძემ, გოგოლაძემ და ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ხმალაძემ და ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი იელიჩის, არზიანის და ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 30 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ ექვსჯერ). 4 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2014 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა სამტრედია. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.

22 თებერვალს დინამო თბილისმა თავის ისტორიაში ორი ოფიციალური მატჩი ითამაშა. 2006 წელს მე- 17 ჩემპიონატის მე- 16 ტურში თბილისელებმა 1:0 აჯობეს თელავის კახეთს. კობაიძემ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. 2012 წელს 23- ე პირველობის მე- 19 სათამაშო დღეს, ირაკლი ძარიას გოლით დინამომ 1:0 აჯობა ბოლნისის სიონს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024