• Geo
  • Eng
21.02.2015
სამტრედია VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მე- 16 ტურის შეხვედრას სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სკ სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. 22 თებერვალს შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს. ასევე ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ სამტრედია 1936 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის სათამაშო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014 წლის ნოემბრიდან ზაზა ზამთარაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა. აქედან გუნდმა 4 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. დღეისათვის სამტრედია სატურნირო ცხრილში 25 ქულით მესამე ადგილს იკავებს. თასის მეოთხედფინალში კი საპასუხო შეხვედრას ელის ქუთაისის ტორპედოსთან, რომელსაც პირველ პაექრობაში 2:1 აჯობა.

 

 

დინამომდე...

სკ სამტრედია ჩემპიონატის მეორე ნაწილს საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. გუნდმა არაერთი გამოცდილი მოთამაშე დაიმატა. რევაზ თევდორაძე, დავით ბოლქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან შარიქაძე, თორნიკე კაპანაძე... ამიერიდან სამტრედისს ღირსებას დაიცავენ. სამტრედიამ მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა. მანამდე ჩვენი მომავალი მეტოქე ბოლნისის სიონს ესპარინგა ფრედ 2:2. თურქეთში პირველი მატჩი პოლონურ პიასტასთან 1:3 დათმო სამტრედიამ. ფრედ 1:1 ითამაშეს კორეულ ჟუჟე იუნაიტედთან და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ მოლდოვურ შერიფთან. გროზნოს ტერეკთან დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. დინამოსთან შეხვედრამდე სამტრედიამ ოფიციალური მატჩიც გამართა. საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში სამტრედიამ ქუთაისის ტორპედოს აჯობა 2:1.

 

 

დინამო vs სამტრედია

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 30 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 30 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 23 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 შეხვედრა სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი  75/17 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. იაშვილი (2), კერძევაძე, დემეტრაძე, ინალიშვილი და ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. აშვეთიასა და შენგელიას დუბლს, კიკნაძემ, მუჯირმა და ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა გადელიამ, დათვაძემ, სახვაძემ, გოგოლაძემ და ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ხმალაძემ და ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი იელიჩის, არზიანის და ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 30 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ ექვსჯერ). 4 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2014 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა სამტრედია. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურტელების გარეშე ხვდება მეორე წრის პირველი ტურის მატჩს.

 

 

დინამო VS სამტრედია მსაჯი

ხვალინდელ შეხვედრას– დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . ვარამიშვილი და ბერულავა გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან . ნონიკაშვილი და . ჟივიძე. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ქუხილავა შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს შარშან 26 ნოემბერს საქართველოს თასის მერვედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა ქობულეთის შუქურას 3:1 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 18 თებერვალს საქართველოს თასზე გამართული- ცხინვალი 4:5 ვიტ ჯორჯია გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა ექვს ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი და ერთი ფეხბურთელიც გააძევა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 107 თამაში / 375 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი

პირველი ლიგა - 13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

მეორე ლიგა - 22 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 11 პენალტი

საქართველოს თასი - 19 თამაში / 48 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

 

სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორაძე – ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია, გრიგალაშვილი – დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაპანაძე, გორგიაშვილი კერძევაძე, გეწაძე

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024