• Geo
  • Eng
28.02.2015
სიონი VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 1 მარტს შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

 

 

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიმერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი ევროთასების პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2:3 დათმეს, გასვლაზე 2:1 მოიგეს თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. დღეისათვის სიონი 16 ჩატარებული მატჩიდან 14 ქულას ფლობს და სატურნირო ცხრილში მე- 15 ადგილს იკავებს.

 

 

დინამომდე...

სიონში ზამთრის შესვენებისას რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და გუნდი ახალი ფეხბურთელებით შეივსო. გუნდმა მათ შორის ორი ლეგიონერიც დაიმატა. ბრაზილიელი და პორტუგალიელი შემტევები- ენდრიუ არაუჟუ და ლუის ალბერტუ. ბოლნისელებმა შეკრება თურქეთში გაიარეს და რამდენიმე სპარინგ მატჩიც გამართეს. 0:1 დამარცხდნენ რუმინულ კრაიოვასთან, მარცხი ორი უპასუხო ბურთით უზბეკეთის ლოკომოტივთან, უგოლო ფრე პერმის ამკართან, მინიმალური მარცხი რუმინეთის ნაკრებთან 0:1 და ფრე 1:1 ბორისოვოს ბატესთან. ეროვნული პირველობის მეორე წრის სადებიუტო მატჩში სიონმა ჩიხურასთან 0:2 წააგო.

 

 

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 54 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 44 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 132/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 44 გამარჯვებიდან მეტოქე 16 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2014 წლის 17 აგვისტოს შედგა. დინამო არენაზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბოლნისელთა კარში ჩისკომ გაიტანა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის ფეხბურთელები– ოთარ კაკაბაძე და ლაშა თოთაძე დააკლდებიან.

 

 

სიონი VS დინამომსაჯი

შეხვედრას დინამოსა და სიონს შორის, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას- . მენთეშაშვილი და . კუპატაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- . ნინუა შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 22 თებერვალს უმაღლეს ლიგაში გამართული დინამო ბათუმი 2:0 მეტალურგი რუსთავი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას 4 ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად გასული წლის 21 სექტემბერს იმსაჯა. დინამოელებმა დინამო არენაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლეს და მეტოქეს 2:1 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა ორჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 24 თამაში / 89 ყვითელი / 6 წითელი / 5 პენალტი

პირველი ლიგა – 64 თამაში / 255 ყვითელი / 23 წითელი / 21 პენალტი

მეორე ლიგა – 22 თამაში / 65 ყვითელი / 3 წითელი / 12 პენალტი

საქართველოს თასი - 9 თამაში / 27 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

 

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანისაჯაია, ლობჯანიძე, გურეშიძე, ცხადაიამიქაბერიძე, გოგობერიშვილი, ცნობილაძე, არაუჟუ ლუის ალბერტუ, უგულავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024