• Geo
  • Eng
03.03.2015
დინამო VS ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები

5 მარტს 17.00 საათზე თბილისში, დინამო არენაზე XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს დინამო და ზესტაფონი დაუპირისპირდებიან. თბილისელები თითქმის სამ თვიანი პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავენ საკუთარ კედლებში.

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 34– ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 19 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ– 51/33 არის.

დინამო – ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით ოთხი შეხვედრა დასრულდა. 2012/2013 სეზონის ბოლო ტურის მატჩში 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით– 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს თბილისელები ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად– 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2– ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს- 10:1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6:0 და 6:1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის 2014 წლის 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით– 3:2 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა და ირაკლი ძარიამ (2) გაიტანეს გოლები.

 

5 მარტს თბილისელებმა სულ ორი ოფიციალური მატჩი გამართეს თავის ისტორიაში. 1999 წელს მე- 10 ჩემპიონატის მე- 17 ტურში დინამომ 2:0 აჯობა მერანს. გოლები ჩომახიძემ და წიტაიშვილმა გაიტანეს. 2005 წელს, მე- 16 ჩემპიონატის 22- ე ტურში დინამომ ტორპედოს აჯობა დიდი ანგარიშით. 4:1 დასრულებულ შეხვედრაში მელქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. ერთი გოლიც ჯამარაულის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024