• Geo
  • Eng
05.03.2015
გამარჯვება ზესტაფონთან

დღეს დინამო არენამ სამ თვიანი უქმობის შემდეგ უმაღლესი ლიგის შეხვედრას უმასპინძლა. სეზონის განახლების შემდეგ დედაქალაქელებმა პირველი მატჩი გამართეს საკუთარ კედლებში. დინამო თბილისის მეტოქე საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი გახლდათ. თამაში დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრის დებიუტში ზვიად სიხარულიამ დინამოს მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და მე- 4 წუთზე გახსნა ანგარიში. შეხვედრა მთლიანად დინამოელთა უპირატესობით გაგრძელდა. აქტიურობდნენ ოთარ კიტეიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და მანუელი, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. ტაიმის ბოლოს ჭანტურიშვილმა და ოთარ კაკაბაძემ გაითამაშეს კომბინაცია, ბურთ მიუვიდა კიტეიშვილს, რომლის დარტყმულსაც მანუელმა ქუსლით შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გაათანაბრა- 1:1.

შეხვედრის მეორე ნახევარი დინამოელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და 58- ე წუთზე კიტეიშვილზე უხეში თამაშისთვის მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა სტუმართა კარში. დინამოს ესპანელმა ფორვარდმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა და დინამო დაწინაურდა- 2:1. ამ გოლს თბილისელთა შეტევები მოჰყვა, მაგრამ ბოლო მომენტში შერგელაშვილს, ჭანტურიშვილს და კიტეიშვილს სიზუსტე აკლდათ. კაკაბაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა მისი დარტყმული აცდა ზესტაფონის კარს. 69- ე წუთზე ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა ჩაჭრეს გადაცემა, მათე კვირკვიამ ჩააწოდა საჯარიმოში და გურამ სამუშიამ აღადგინა წონასწორობა- 2:2. ხუთიოდე წუთში ზესტაფონის კარის სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ლაშა თოთაძემ უზადოდ შეასრულა და როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის საფინალო ანგარიში- 3:2 დააფიქსირა. მე- 80 წუთზე დინამოს კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ მიიღო ტრავმა და საკაცით დატოვა სათამაშო მინდორი. დარჩენილი დრო სტუმრებმა შეტევაში გაატარეს, რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს თბილისელთა კარს, თუმცა შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ, როგორც პირველ წრეში, ამ ჯერზეც თვალსასეირო შეხვედრაში 3:2 დაამარცხა ზესტაფონი. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით დედაქალაქელებმა სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნეს.

დინამო 3:2 ზესტაფონი

გოლი: 0:1 სიხარულია 4’  1:1 მანუელი 45’  2:1 მანუელი (პენ) 58’  2:2 სამუშია 69’  3:2 თოთაძე 74’

გაფრთხილება: სიხარულია 25’  ბუკორაცი 48’  მარაქველიძე 58’  კაკაბაძე 64’  კუპატაძე 71’  მანუელი 75’  კვირკვია 76’ 

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე, ცინცაძე, ბუკორაცი, შერგელაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, მანუელი

ზესტაფონი: კუპატაძე, რობაქიძე, ლომაია, მარაქველიძე, მთივლიშვილი, ვასაძე, სიხარულია, რაჟამაშვილი, ილურიძე, ჯერემია, სიხარულიძე

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024