დღეს დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი გაიმართა. კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.
თამაშის რიტმი არც ისე მაღალი იყო, თუმცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა დედაქალაქელებმა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. მე- 15 წუთზე ლაშა პარუნაშვილი ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, ბურთი კი ოდნავ აცდა მეტოქის კარს. მე- 19 წუთზე ვახო ჭანტურიშვილის პასით ოთარ კიტეიშვილი შეიჭრა ცხინვალის საჯარიმოში, თუმცა დინამოელი შემტევი წესის დარღვევით შეაჩერეს, მსაჯმა კი პენალტის ნიშნულისკენ ანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ და ანგარიშიც გახსნა 1:0. სტუმართა მხრიდან რატი ცაცკრიალაშვილი აქტიურობდა, თუმცა უშედეგოდ. მეორე ნახევარში დინამოს შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა დავით ვოლკოვს, რომელიც სათამაშო მინდორზე გიორგი ჩირგაძის ნაცვლად შევიდა და სადებიუტო გოლიც გაიტანა ლურჯი ფორმით. 79- ე წუთზე მათე ცინცაძემ მოედნის ცენტრიდან ზუსტი პასით მარჯვენა ფრთაზე შეტევაში ოთარ კაკაბაძე ჩართო. მის ჩაწოდებას საჯარიმოში კი პირველი დავით ვოლკოვი გამოეხმაურა და ანგარიში გაზარდა- 2:0 დინამოს სასარგებლოდ. ბოლო წუთები დინამოელებმა აქტიურად ჩაატარეს. გიორგი პაპუნაშვილს, გიორგი ჯანელიძეს და დავით ვოლკოვს შეეძლოთ გატანა, მაგრამ გიორგი ნადირაძემ იყოჩაღა. საბოლოოდ პირველი ნახევარფინალური მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
დინამო 2:0 ცხინვალი
გოლი: 1:0 ცინცაძე (პენ) 20’ 2:0 ვოლკოვი 79’
გაფრთხილება: გველესიანი 51’ შერგელაშვილი 54’ ცერცვაძე 90’
დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, რენე, გველესიანი, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნუაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ჩირგაძე
ცხინვალი: ნადირაძე, შინდაგორიძე, მახარობლიძე, თარხნიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი, ცაცკრიალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ქარდავა, ივანიშვილი, ცერცვაძე
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი