დღეს დინამო არენაზე საქართველოს პირველობის 24- ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. დედაქალაქელების დაპირისპირება მთლიანად კახა გოგიჩაიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მატჩი 14 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა ანგარიში. დინამოელთა 8 ნომერმა შეტევის მარჯვენა ფრთიდან შეასრულა სოლო რეიდი, შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ძლიერი დარტყმით გაიტანა გოლი- 1:0. აღსანიშნავია, რომ დინამოელთა მიერ არაერთი საგოლე მომენტი დარჩა გამოუყენებელი. ვახტანგ ჭანტურიშვილს, ოთარ კიტეიშვილს და მანუელ ონვუს შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა. საბოლოოდ 42- ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ზუსტად შეაგება თავი მათე ცინცაძემ და მეკარისგან შორეულ კუთხეში მიუჩინა ბურთს ადგილი- 2:0. მატჩის მეორე ტაიმიც იგივე სცენარით გაგრძელდა. დინამოელები უტევდნენ და კიდევ ერთი გოლი გაუტანეს მეტოქეს. 70- ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან შეცვლაზე შემოსულმა სტეფან ბუკორაცმა მიიღო, მან პასით იქვე მყოფი გიორგი პაპუნაშვილი მოძებნა, რომელმაც ტექნიკური და ლამაზი დარტყმით მეტოქის კარი აიღო და დუბლიც გაიფორმა. საბოლოოდ მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ ცხინვალთან 24 აპრილს გამართავს.
დინამო 3:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 14’ 2:0 ცინცაძე 42’ 3:0 პაპუნაშვილი 70’
გაფრთხილება: პაპუნაშვილი 72’ კურდღელაშვილი 75’
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74), თოთაძე, რენე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ბუკორაცი 64), ჭანტურიშვილი, მანუელი (ლობჟანიძე 67)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 82), გახარია, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 73), საბაძე, ლობჯანიძე (დადიანი 87)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია