• Geo
  • Eng
17.03.2015
დინამო vs მეტალურგი - მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა.  გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა  მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ– 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.

 

 

მწვრთნელი და მეტალურგი

გუნდის თავკაცად წინა სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ ვარლამ კილასონია მუშაობს. წინა ჩემპიონატი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მეხუთე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე პირველობაზე კი ვარლამ კილასონიას გუნდს 19 ჩატარებული მატჩიდან 24 ქულა აქვს დაგროვილი და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი რუსთავის გუნდმა საქართველოში გაიარა. სპარინგ შეხვედრებში აჯობა გორის დილას 2:0, გამარჯვება სტუ- თან 1:0. ამას მოჰყვა გამარჯვება 2:1 მეშახტესთან და 3:0 ალგეთთან. შემდეგ მარცხი ზესტაფონთან 0:2. საქართველოს თასზე პირველი მატჩი ჩიხურასთან მეტალურგმა ფრედ 0:0 დაასრულა. ამას ზედიზედ სამი მარცხი მოჰყვა ჩემპიონატში. ბათუმის დინამოსთან 0:2, ზუგდიდთან 0:1 და იმავე ანგარიშით წარუმატებლობა გურიასთან. თასის საპასუხო შეხვედრაში ჩიხურამ იმარჯვა 3 უპასუხო ბურთით, ხოლო ბოლო ტურში მეტალურგმა უგოლო ფრე ითამაშა ჩიხურასთან.

 

 

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 51– ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია - 31 მოგება, 10 ფრე და 10 მარცხი, ბურთების შეფარდება 98/41 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 9- ჯერ დაფიქსირდა და ცხრაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.

ბოლოჯერ კი ეს გუნდები 2014 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. ფოლადის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მეტალურგის ფეხბურთელი- რევაზ ბარამიძე დააკლდება.

 

 

დინამო VS მეტალურგი -  მსაჯი

დინამოსა და მეტალურგის შეხვედრას- ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. ბერულავა გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ავაზაშვილი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილმა 2014 წლის 6 ნოემბერს ბათუმის დინამოსთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში იმსაჯა. მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

ბოლო შეხვედრა კი, რომელიც მან განსაჯა 13 მარტს პირველ ლიგაში გამართული სასკო 1:0 ადელი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ირაკლი კვირიკაშვილიმა სამჯერ გააფრთხილება ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის ირაკლი კვირიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ირაკლი კვირიკაშვილი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 30 სექტემბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 8 თამაში / 45 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი

პირველი ლიგა - 73 თამაში / 268 ყვითელი / 11 წითელი / 24 პენალტი

მეორე ლიგა - 31 თამაში / 109 ყვითელი / 11 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი - 7 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

 

 

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბედიაშვილი - ხიზანეიშვილი, ნოზაძე, ნარიმანიძე, სარიშვილი - სტეფნიაშვილი, ბერუაშვილი, კილასონია, მიქაუტაძე - ბარაბაძე, ჯოხაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024