დღეს რუსთავში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრის მოედანზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი მთლიანობაში ხისტად წარიმართა. პირველ ტაიმში სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას და რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც ვერ გამოიყენეს. ჯერ იმრან ულად ომარს შეეძლო დინამოელთა დაწინაურება, შემდეგ უსმანე კამარას დარტყმული აცდა კარს, ტაიმის ბოლოს კი დავით სხირტლაძის ჩაწოდება და იმრანის თავური ნახტომში - ბურთმა ამჯერადაც მცირე მანძილით ჩაუარა ძელს. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, დინამო უტევდა, საბურთალო უფრო კონტრშეტევაზე თამაშობდა, 72-ე წუთზე კი კონტრშეტევამ შედეგი მოიტანა, დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იური ტაბატაძემ ზუსტად შეასრულა და საბურთალო დაწინაურდა. დინამომ გააგრძელა შეტევები, თუმცა სახიფათო ზეწოლას შედეგიანი დარტყმა არ მოჰყოლია. ჯერ გიორგი ხარაიშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი გადაევლო ლაზარე კუპატაძის კარს ზევიდან, შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილის თავური მოიგერია მასპინძელთა მეკარემ. ისევ ხარაიშვილი და ტექნიკური დარტყმის შემდეგ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაიარა კარის ძელთან. შეხვედრის ბოლოსკენ დინამოს კარში მეორედ დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად შოთა ნონიკაშვილმა დაარტყა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს - შედეგიანად გიორგი მაისურაძემ დაარტყა და მატჩიც 2-1 დასრულდა.
მომდევნო თამაშს დინამო 5 ივნისს სამტრედიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოალბომი