• Geo
  • Eng
18.03.2015
დინამომ პირველი ადგილი განიმტკიცა

დღეს დინამო არენამ საქართველოს ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ დინამო თბილისი და რუსთავის მეტალურგი წარდგნენ. შეხვედრა მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველივე წუთებზე სტუმრებმა სახიფათოდ, მაგრამ უშედეგოდ შეუტიეს. ამის შემდეგ სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მატჩის ბოლომდე დინამოელებმა მოიპოვეს. საკმაოდ აქტიურობდა თბილისელთა შეტევის ხაზი. საბა ლობჟანიძემ, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ჯანელიძემ და გიორგი ჩირგაძემ არაერთხელ გაამწვავეს მატჩი. მე- 17 წუთზე დინამოელთა შეტევას პირველი გოლი მოჰყვა. შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჯანელიძემ ჩააწოდა საჯარიმოში, ხოლო გიორგი ჩირგაძემ ზუსტი თაურით გახსნა ანგარიში 1:0. 24- ე წუთზე ისევ ჯანელიძე-ჩირგაძის კომბინაცია და ერთი ერთზე გასულმა ფორვარდმა მეორედ აიღო გრიგოლ ბედიაშვილის კარი 2:0. ერთ წუთში კიტეიშვილს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა მეკარემ ითამაშა კარგად.

შეხვედრის მეორე ნახევარიც პირველი ტაიმის მსგავსად წარიმართა. ლაშა პარუნაშვილმა და ოთარ კაკაბაძემ გაამწვავეს თამაში, თუმცა უშედეგოდ. 58- ე წუთზე რევაზ ბარაბაძეს შეეძლო ანგარიშის შემცირება, მაგრამ მისი ძლიერად დარტყმული ოდნავ აცდა დინამოელთა კარს. 20 წუთის შემდეგ ჯანელიძე ურტყამდა სახიფათოდ. ბურთი ბედიაშვილმა მოიგერია. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი სამი ქულა მოიპოვა. კახა გოგიჩაიშვილის გუნდი 20 ტურის შემდეგ 41 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

დინამო  2:0  მეტალურგი

გოლი: 1:0 ჩირგაძე 17’  2:0 ჩირგაძე 24’

გაფრთხილება: ხიზანეიშვილი 63’

დინამო: ჰრდლიჩკა, რენე, გველესიანი, კაკაბაძე, თოთაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი (შერგელაშვილი 83), ლობჟანიძე (ჯიღაური 62), ჯანელიძე, კიტეიშვილი (ტაბატაძე 70), ჩირგაძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ბარაბაძე, სარიშვილი, ხიზანეიშვილი, ნოზაძე, ბერიაშვილი, ჯოხაძე (ციცქიშვილი 77), ნარიმანიძე, ოქროპირიძე, გელაშვილი, ექვთიმიშვილი (გუჯაბიძე 55)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024