• Geo
  • Eng
06.04.2015
7 აპრილი დინამოს ისტორიაში

სამშაბათს 7 აპრილს ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას გამართავს. დინამო თბილისის მეტოქე საფეხბურთო კლუბი ცხინვალი იქნება. მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

7 აპრილს თავის ისტორიაში დინამო თბილისს 12 მატჩი აქვს ჩატარებული. 7 გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 4 შემთხვევაში მეტოქემ იმარჯვა და ერთხელაც ფრე დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 21/14 დინამოს სასარგებლოდ.

1956 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. გოლები ზაურ კალოევმა და ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანეს. 1964 წელს სიომა ბარქაიასა და ალექსანდრე აფშევის გოლებით დინამოელებმა ლენინგრადის ზენიტს 2:0 აჯობეს. სამი წლის შემდეგ თბილისელებს მოსკოვის ტორპედომ მოუგო 1:0. 1973 წელს შეხვედრა ვოროშილოვგრადის ზარიასთან ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი მანუჩარ მაჩაიძის ანგარიშზეა. 1980 და 1987 წლებში დინამომ ალმა-ატის კაირატს უმასპინძლა და ორივე შემთხვევაში თბილისელებმა სამი უპასუხო ბურთით დაამარცხეს მეტოქე. პირველ მატჩში რევაზ ჩელებაძემ შეასრულა ჰეთ თრიქი, მეორე დაპირისპირებაში კი გოლები იმავე ჩელებაძემ, გრიგოლ ცაავამ და ნუკრი კაკილაშვილმა გაიტანეს. 1984 წელს ჩვენი გუნდი იმავე ანგარიშით კიეველ თანაკლუბელებთან დამარცხდა. 1985 წელს მტკვრისპირელებმა დონის როსტოვის სკა- ს უმასპინძლეს. სოსო ჭედიამ და ალექსანდრე ჩივაძემ გამოიჩინეს თავი დაპირისპირებაში და დინამომ 2:1 აჯობა მეტოქეს.

1982 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში დინამო თბილისმა ლიეჟის სტანდარტს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

1995 წელს თბილისელებმა საფეხბურთო კლუბ ბათუმს 2 გაშვებული ბურთის წილ 4 გოლი გაუტანეს. მიხეილ ყაველაშვილმა ორჯერ გამოიჩინა თავი, თითო გოლიც გიორგი ქინქლაძის და დავით პეტრიაშვილის ანგარიშზეა. 2002 წელს იმავე გუნდთან შეხვედრაში  გიორგი ანჩაბაძის გოლით დედაქალაქელებმა 1:0 იმარჯვეს. ხუთი წლის შემდეგ მატჩი თელავის კახეთთან. სანდრო იაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა და დინამომ 3:0 მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024