ოთხშაბათს 13 მაისს საქართველოს პირველობის 28-ე ტურში დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ეთერს დინამოს ვებ გვერდი უზრუნველყოფს.
13 მაისს დინამოს თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს გამართული. 34 წლის წინ, დიუსელდორფში თბილისელებმა ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლებით კარლ ცეისი დაამარცხეს 2:1 და თასების მფლობელთა თასი აღმართეს. 13 მაისს მტკვრისპირელებმა ოფიციალურად 12 მატჩი გამართეს. 8 შეხვედრა დინამოელებმა მოიგეს, 2-2 დაპირისპირება ფრედ და თბილისელთა მარცხით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 26/12 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
1945 წელს პანიუკოვის დუბლით თბილისელებმა ლენინგრადელი თანაკლუბელები დაამარცხეს 2:0. 1947 წელს დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვი მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთით დაამარცხა. გოლები ჯეჯელავამ (2), პაიჭაძემ და პანიუკოვმა გაიტანეს. 1951 წელს ლენინგრადში ჩატარდა მატჩი. ადგილობრივმა დინამომ ჩვენი გუნდი მიიღო. თბილისელებმა ჯოჯუას დუბლით და ანთაძის გოლით 3:1 მოუგეს მასპინძლებს. 1957 წელს კიევის დინამომ გვაჯობა 2:0. ერთი წლის შემდეგ თბილისს ისევ ესტუმრა კუიბიშევის კრილია სოვეტოვი. დინამომ ამჯერად 3:0 მოუგო სტუმრებს. თავის გამოჩენა გაგნიძემ, ჩოხელმა და ღოღობერიძემ მოახერხეს. 1963 წელს ალმა ატის კაირათს დინამომ 3:1 მოუგო. ორი გოლი კალოევმა გაიტანა კაირათის კარში, ერთიც ბარქაიამ. 20 წლის შემდეგ მოსკოვის დინამოსთან დაპირისპირება უგოლო ყაიმით დასრულდა. 1988 წელს მოსკოვის სპარტაკმა სამი უპასუხო ბურთი გაუტანა ჩვენს გუნდს.
1995 წელს დინამომ ფოთში ადგილობრივი კოლხეთი დაამარცხა 3:2. დუბლი ჯამარაულმა შეასრულა, ერთი გოლიც იაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო წელს თბილისელებმა თელავში კახეთს აჯობეს 5:1. გოლები დემეტრაძემ (3), გოგიჩაიშვილმა და ხომერიკმა გაიტანეს. 2000 წელს მტკვრისპირელთა და რიონისპირელთა შეხვედრა ფრედ 1:1 მორჩა. ანჩაბაძემ გაიტანა ტორპედოს კარში.