• Geo
  • Eng
08.01.2014
თორნიკე გორგიაშვილი - მოხარული ვარ, რომ დინამოს მაისურით მომიწევს თამაში

დინამო თბილისის ღირსებას 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თორნიკე გორგიაშვილი დაიცავს. თორნიკე ჩვენ კლუბში გადმოსვლამდე ზესტაფონის საფეხბურთო კლუბში ასპარეზობდა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში. უკანასკნელ პერიოდში მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ხშირად იწვევენ. დღეს, ჩვენი კლუბის ვებ-გვერდი თორნიკე გორგიაშვილს გაესაუბრა.

 

თორნიკე გორგიაშვილი - ფეხბურთის თამაში ზესტაფონში დავიწყე, იქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალად. გული მწყდება ასე არასასიამოვნოდ რომ დავშორდით მე და ჩემი ყოფილი კლუბი. გულშემატკივრებთან, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ამ გუნდს მუდამ ვუგულშემატკივრებ. დინამოში გადმოსვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე და მოხარული ვარ, რომ დინამოს მაისურით მომიწევს თამაში. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას იმ ნდობისათვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. საკმაო პერიოდი გამიცდა და სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვარ, თუმცა იმედი მაქვს დინამოში თავის დამკვიდრებას შევძლებ და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი ჩავატარე და იმედი მაქვს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც შევძლებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024