• Geo
  • Eng
12.05.2015
დინამო VS ზუგდიდი – მატჩამდე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი – დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი – მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლესლიგელი მგლებისა და პირველ ლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა- ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.

 

 

მწვრთნელი და ზუგდიდი

მიმდინარე სეზონის ოქტომბრიდან ზუგდიდურ კლუბს რამაზ მუმლაძის ნაცვლად, სათავეში- ბესიკ შეროზია ჩაუდგა. საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი 27 ტურის შემდეგ დაგროვებული 30 ქულით გათამაშების ცხრილში მე- 12 ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ ზუგდიდელებმა პირველი მატჩი შუქურასთან გამართეს და 1:0 აჯობეს მეტოქეს. შემდეგ იგივე ანგარიშით მოუგეს რუსთავის მეტალურგს, რასაც 2 მარცხი მიაყოლეს. 0:2 ფოთის კოლხეთთან და 0:4 გორის დილასთან. ამას მოჰყვა სამი უპასუხო გოლით გამარჯვება მარტვილის მერანთან. შემდეგ მარცხი ვიტ ჯორჯიასთან 0:2 და წარმატება ცხინვალთან 3:2. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ამის შემდეგ ქუთაისის ტორპედოსთან უგოლო ფრე ითამაშა და 2:1 დაამარცხა ბათუმის დინამო. შემდეგ იყო ფრე სამტრედიასთან 1:1 და მარცხი გურიასთან დიდი ანგარიშით 0:5. ბოლო შეხვედრა ზუგდიდმა ჩიხურასთან ითამაშა და 1:1 დაასრულა დაპირისპირება.

 

 

დინამო VS ზუგდიდი

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 41- ჯერ გაიმართა, საიდანაც 30 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 106/28 არის.

სხადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 15–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც ზუგდიდში 2014 წლის 22 ნოემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. ზუგდიდელთა კარში გოლები ჩისკო მუნიოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოდან ლაშა თოთაძე გამოტოვებს, ხოლო ზუგდიდის შემადგენლობიდან მატჩს ლევან წურწუმია დააკლდება.

 

 

დინამო VS ზუგდიდი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 28- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს– აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მას ასისტენტობას ი. მაჩიტაძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ავაზაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა, 9 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული დილა 1:0 კოლხეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში სირიელმა არბიტრმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად ამა წლის 24 აპრილს თბილისში გამართული ცხინვალი 4:1 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა. 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 26 თამაში / 119 ყვითელი / 6 წითელი / 8 პენალტი

პირველი ლიგა - 20 თამაში / 89 ყვითელი / 7 წითელი / 14 პენალტი

მეორე ლიგა – 16 თამაში / 59 ყვითელი / 4 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი – 4 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბობღიაშვილი - პაჭკორია, აკობია, რიგვავა, მეგრელიშვილი - კუტალია, ლომია, გუგუჩია, ფარჯიკია, ენდელაძე - ეხვაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024