• Geo
  • Eng
10.04.2015
მერანი vs დინამო - მატჩამდე

11 აპრილს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 23- ე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი მარტვილში, მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო და ტექსტურ ლაივს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.

 

 

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008  წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008-2009 და 2009-2010 წლების სეზონებში. 2009-2010 სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010-2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011-2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

 

მწვრთნელი და მერანი

2014 წლის ზაფხულიდან მარტვილის მერანს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- ვლადიმერ ლობასი თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით მერანმა ჩემპიონატში ჩატარებული 22 თამაშიდან ექვსში იმარჯვა, შვიდი ფრე ითამაშა და ცხრაჯერ დამარცხდა. დაგროვილი 25 ქულით გუნდი მე- 12 ადგილზეა.

 

 

დინამომდე...

ზამთრის პაუზის შემდეგ, ჩემპიონატის მეორე წრე მერანმა ვიტ ჯორჯიასთან ფრედ 2:2 ჩატარებული მატჩით განაახლა. ამას მოჰყვა წაგება ცხინვალთან 0:2 და ისევ ფრე, ამჯერად ქუთაისის ტორპედოსთან ანგარიშით 1:1. შემდეგ მარტვილელებმა ორჯერ წააგეს, ბათუმის დინამოსთან 1:2 და ზუგდიდთან 0:3. დაამარცხეს გურია მინიმალური ანგარიშით 1:0 და ისევ მარცხი- ჩიხურასთან 0:2.

 

 

დინამო VS მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 9- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 9 თამაშიდან 6 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით- 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს. დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2014 წლის 5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. მე- 8 ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს დინამოს ბრაზილიელი ლეგიონერი- რენე ფერეირა.

 

 

მერანი vs დინამო – მსაჯი

მერანისა და დინამოს ხვალინდელ დაპირისპირებას- ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ს. სპიცინი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯი ბ. ნინუა იქნება.

ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად ამა წლის 5 მარტს ზესტაფონთან გამართული მატჩი იმსაჯა. თბილისელთა გამარჯვებით (3:2) დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ რვა მოთამაშე გააფრთხილა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 3 აპრილს გამართული სიონი 1:2 კოლხეთი გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ორი მათგანი გააძევა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 141 თამაში / 477 ყვითელი / 20 წითელი / 19 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 26 თამაში / 74 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, გეგეჭკორი - ფონიავა, კიკნაველიძე, წყაროზია, ჯღამაია - შულაია, ლომია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024