• Geo
  • Eng
08.07.2015
გაბალა vs დინამო - მატჩისწინა პრესკონფერენცია

დღეს დინამოელები თბილისი-გაბალას რეისით აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალაში ჩაფრინდნენ. გუნდი Qafqaz Karvansaray Hotel- ში დაბინავდა. საღამოს გაბალას ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, რის შემდეგაც თბილისელებმა სტადიონზე ვარჯიში გამართეს. მზადება პრესისთვის პირველი 15 წუთი იყო გახსნილი. ხვალინდელი დაპირისპირება შეგახსენებთ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე გაბალას მთავარი მწვრთნელი- რომან გრიგორჩუკი, დინამოს მთავარი მწვრთნელი- გია გეგუჩაძე და ჩვენი გუნდის იუბილარი ნახევარმცველი- ჯაბა ჯიღაური წარდგნენ.

რომან გრიგორჩუკი: ყველანი ველოდებით ხვალინდელ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა ხვალ გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. გაბალას სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი რა თქმა უნდა გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება.

გია გეგუჩაძე: მოგესალმებით ყველას. რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე, როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის გაბალასთან. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ეხლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

ჯაბა ჯიღაური: პირველ რიგში ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024