დღეს დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ჩვენი გუნდის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ საზოგადოებას კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი- გია გეგუჩაძე წარუდგინა.
რომან ფიფია: მოგესალმებით. მინდა წარგიდგინოთ დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი. გია გეგუჩაძე 10 წლის წინ მუშაობდა დინამოში და ვფიქრობ დღეს დადგა ის დრო, როდესაც გეგუჩაძემ უნდა ჩაიბაროს დინამო. დინამოს დღეს სჭირდება პროგრესი და სტაბილურობა, სხვა დანარჩენი ჩვენს კლუბში არის. დარწმუნებული ვარ გეგუჩაძესთან ერთად მოვა სტაბილურობა. გუნდში გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები - ამ თაობამ უნდა გაახაროს ჩვენი გულშემატკივარი. ლეგიონერები იქნებიან თუ არა გუნდში ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს - მთავარია, რომ შეცდომები დავიყვანოთ მინიმუმამდე. დინამო საქართველოში რა თქმა უნდა იბრძოლებს ყველა ტიტულისათვის. მიზანია- გაკეთდეს კარგი და ბრძოლისუნარიანი გუნდი. კიდევ ერთხელ განვმეორდები დღეს ჩვენთვის მთავარია პროგრესი და სტაბილურობა. წარმატებებს ვუსურვებ გია გეგუჩაძეს.
გია გეგუჩაძე: ყველას მოგესალმებით და მადლობას მოგიხდით მობრძანებისთვის. მადლობა ბატონ რომან ფიფიას და კლუბის ხელმძღვანელობას. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივი და ნდობაა. მადლობა დინამოს გულშემატკივარს და იმ სამწვრთნელო შტაბს, რომელიც ჩემამდე მუშაობდა. ვეცდები ჩემი განცდები დინამოსთან მიმართებაში მარტივად და მალე მივიტანო გულშემატკივართან და იმ ხალხთან, ვინც მუშაობს დინამოში. წარმოგიდგენთ დღევანდელ სამწრვთნელო შტაბს. გია ჯიშკარიანი - გუნდის უფროსი, გურამ ასპინძელაშვილი - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, დათო ჯანელიძე - მეკარეების მწვრთნელი. გუნდის ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ექიმი, მასაჟისტები და ადმინისტრაცია იგივე შემადგენლობით რჩება. დინამოში შეკრებილია ნიჭიერი თაობა, ჩვენი მიზანი კი რა თქმა უნდა საქართველოში ყველა ტიტულის მოპოვებაა. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროთასების უახლოესი მატჩი თვენახევარში გვიწევს.