• Geo
  • Eng
05.06.2023
დინამომ სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა.

 

შეხვედრის სტარტზევე გოლის გატანის ხელსაყრელი პოზიცია ვერ გამოიყენა უსმანე კამარამ, მის დარტყმულს ძალა დააკლდა და ბურთო მეკარემ მოიგერია. მატჩის მე-15 წუთზე უკვე სტუმრებმა ვერ გამოიყენეს საგოლე მომენტი. გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული კარს აცდა. საპასუხოდ გიორგი ხარაიშვილის დარტყმაა აღსანიშნავი, თუმცა რეზო ლომიძემ ბურთი მოიგერია. შეხვედრის 38-ე წუთზე ისევ ხარაიშვილის გასროლა საჯარიმოს მისადგომებიდან, ბურთი ზევიდან გადაევლო სამტრედიის კარის ხარიხას. ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

 

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს. 55-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდება საჯარიმოში, გიორგი ხარაიშვილმა დასწრებაზე თავით ითამაშა, მეკარემ კი ბოლო წამს იხსნა კარი. მეორე ტაიმში მიღებული კოლოსალური სათამაშო უპირატესობა 59-ე წუთზე გოლში აისახა. პენალტი ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა, მანამდე კი ნიკა მალიმ იაქტიურა, პასი დავით სხირტლაძეზე, რომელმაც ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი, დაარტყა და სამტრედიას ფეხბურთელმა ხელით ითამაშა. დინამომ მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა. გიორგი მოისწრაფიშვილმა დუბლი ლამაზი და ტექნიკური დარტყმით გაიფორმა. თბილისელთა შემტევმა დაახლოებით 40 მეტრიდან მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ლაშა ოდიშარიამ საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

 

შემდეგ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თვის ბოლოს საქართველოს სუპერთასზე გამართავს, სადაც ტურნირის ნახევარფინალში გორის დილას შეხვდება. მანამდე კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ორ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს, ხოლო ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს საქართველოს დროშით მოასპარეზე ფეხბურთელებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024