• Geo
  • Eng
30.04.2015
დინამო vs ტორპედო – ურთიერთშხვედრები

შაბათს 2 მაისს, დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპიდება. ეროვნული ჩემპიონატის 26- ე ტურის მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ. ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 59– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 58 მატჩიდან,  29- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 101/56 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2014 წლის 2 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი ტორპედოს კარში- ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024