• Geo
  • Eng
12.08.2015
დინამო vs საპოვნელა - ურთიერთშეხვედრები

პარასკევს 14 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოს 27- ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი 20 წლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდება თერჯოლის საპოვნელას, რომელიც წელს აღზევდა უმაღლეს ლიგაში. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება.

ისტორიაში ეს გუნდები სულ ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. სამი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთხელაც თერჯოლელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 15/6 დინამოს სასარგებლოდ.

პირველი პაექრობა 1993 წლის 24 სექტემბერს თერჯოლაში შედგა და თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ანჩაბაძის ანგარიშზეა. იმავე წლის 11 დეკემბერს საპოვნელამ თბილისში იმარჯვა 2:1. თბილისელთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. საერთოდ აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში იაშვილი 5 გოლით რეკორდსმენია და 20 წლის შემდეგ ისევ შეეცდება გოლის გატანას. დინამოსა და საპოვნელას შემდეგი შეხვედრა 1994 წლის 24 ნოემბერს თერჯოლაში გაიმართა. დუბლი შეასრულა ალექსანდრე იაშვილმა, ასევე ორი გოლი გაიტანა მიხეილ ყაველაშვილმა და ერთი შედეგიანი დარტყმაც მურთაზ შელიას ანგარიშზეა. თბილისელებმა 5:2 დაამარცხეს მეტოქე. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 1995 წლის 19 მაისს დაუპირისპირდნენ და დინამო არენაზე გამართული მატჩი მასპინძლებმა 8:2 მოიგეს. დუბლი შეასრულეს ალექსანდრე იაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა. თითო გოლი გიორგი დემეტრაძის და გიორგი ქინქლაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024