• Geo
  • Eng
07.05.2015
დინამო ბთ. vs დინამო თბ. – ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 9 მაისს დინამო თბილისი ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმელ სეხნიას დაუპირისპირდება. ეროვნული ჩემპიონატის 27- ე ტურის შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ორ დინამოს შორის ჩატარებული ყოველი მატჩი ტრადიციულად უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი შეხვედრა კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 47- ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 46 მატჩიდან, 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/42 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და ექვსჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. აჩის ჰეთ–თრიქს შოთის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოიემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: კობახიძემ და აკირემმა დუბლებით, ხუციშვილმა, სპასოევიჩმა და ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2014 წლის 6 ნოემბერს მე- 12 ტურში დინამო არენაზე გაიმართა, ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024