• Geo
  • Eng
06.05.2015
9 მაისი დინამოს ისტორიაში

შაბათს 9 მაისს დინამო თბილისი ქობულეთში ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. 27- ე ტურის მატჩი ჩელე არენაზე 17.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

9 მაისს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 13 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 7 დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს, 4 მატჩი ყაიმით დასრულდა და 2 შეხვედრაც მეტოქემ დაასრულა სათავისოდ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 21/11 თბილისელთა სასარგებლოდ.

1947 წელს პაიჭაძის გოლით დინამომ მოსკოვის ვვს- ს 1:0 მოუგო. 1959 წელს თბილისელებმა კიეველ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 აჯობეს უკრაინელებს. ღოღობერიძემ დუბლი შეასრულა. თითო გოლიც კალოევმა და მელაშვილმა გაუტანეს კიეველებს. 1965 წელს მოსკოვში სპარტაკთან დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ბ. სიჭინავამ გაიტანა გოლი. 2 წლის შემდეგ თბილისელებმა ერევანში დაამარცხეს ტრადიციული მეტოქე- არარატი. ერთადერთი გოლი შეხვედრაში მეტრეველმა გაიტანა. მომდევნო სეზონში იმავე მეტოქესთან გაიმართა მატჩი და ამჯერად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა 0:0. იმავე ანგარიშით დასრულდა მატჩი ქუთაისის ტორპედოსთან მორიგ სათამაშო სეზონში. 1974 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტი მიიღო და ყაიმით 1:1 დაშორდა. გოლი რეხვიაშვილის ანგარიშზეა. 1976 წელს თბილისელები ოდესაში ჩერნომორეცს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ყიფიანმა გაიტანა. ორი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი ტაშკენტში ეწვია პახტაკორს და 0:3 დამარცხდა.

1999 წელს ქუთაისში ტორპედომ იმარჯვა 3:1. გოლი აშვეთიას ანგარიშზეა. 2004 წელს თბილისთან დაპირისპირება დინამოს სასარგებლოდ 2:0 მორჩა. კაკალაძემ და კვირკველიამ მოახერხეს თავის გამოჩენა. 2006 წელს თბილისელებმა სოხუმელ თანაკლუბელებს ერთის წილ ექვსი გოლი გაუტანეს. დვალმა ოთხჯერ გამოიჩინა თავი. თითო გოლიც ბურდულმა და დარასელიამ გაიტანეს. 2010 წელს დინამომ ზუგდიდის ბაია მიიღო და 3:0 აჯობა მეტოქეს. გოლები აკირემის, შ. კაშიას და ჩიკვილაძეს ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024