• Geo
  • Eng
08.05.2015
დინამო ბათუმი vs დინამო თბილისი - მატჩამდე

საქართველოს 26- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის 27- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს. გუნდების დაპირისპირება ჩელე არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევროასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელად გამოცდილი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- შოთა ჭეიშვილი მუშაობს. წინა სეზონში მისმა გუნდმა პირველი ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო. მიმდინარე გათამაშებაში ბათუმელები 26 ჩატარებული შეხვედრიდან დაგროვებული 51 ქულით, გათამაშების ცხრილის მე- 2 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე

ბათუმელებმა ზამთრის პაუზის შემდეგ საკმაოდ წარმატებულად განაახლეს ჩემპიონატი, რაზეც ზედიზედ მიღწეული 6 გამარჯვება მეტყველებს. დინამოელებმა 2:0 აჯობეს რუსთავის მეტალურგსა და ფოთის კოლხეთს. დაამარცხეს გორის დილა 1:0, 2:1 მოუგეს მარტვილის მერანს და ვიტ ჯორჯიას. 1:0 დაამარცხეს ცხინვალი. ამას მოჰყვა მარცხი ქუთაისის ტორპედოსთან 2:3, გამარჯვება სამტრედიასთან 1:0 და ისევ მარცხი, ამჯერად ზუგდიდთან 1:2. შემდეგ ბათუმელებმა 2:1 მოუგეს გურიას და 1:0 საჩხერის ჩიხურას.

 

 

დინამო ბთ VS დინამო თბ  – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 46 მატჩიდან, 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/42 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და ექვსჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. აჩის ჰეთ–თრიქს შოთის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოიემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: კობახიძემ და აკირემმა დუბლებით, ხუციშვილმა, სპასოევიჩმა და ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2014 წლის 6 ნოემბერს მე- 12 ტურში დინამო არენაზე გაიმართა, ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ფეხბურთელები დისკვალიფიკაციის გამო არ გამოტოვებენ ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებას.

 

 

დინამო ბთ VS დინამო თბ  – მსაჯი

შეხვედრას ზღვისპირელებთან- დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან გ. კიკაჩეიშვილი და ი. კვირიკაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ნონიკაშვილი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს ამა წლის 7 აპრილს საქართველოს თასზე იმსაჯა. დინამო თბილისმა ცხინვალს 2:0 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 29 აპრილს მეორე ლიგაში გამართული- აფხაზეთი 0:5 ცხუმი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 115 თამაში / 396 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი

პირველი ლიგა - 16 თამაში / 42 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

მეორე ლიგა - 32 თამაში / 51 ყვითელი / 3 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 20 თამაში / 52 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ალავიძე - ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მგელაძე, ქორიძე - ქავთარაძე, დიასამიძე, მუჯირი, მახარაძე - ბერიაშვილი, ტატანაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024