• Geo
  • Eng
13.05.2015
დინამომ ზუგდიდს 7:0 მოუგო

დღეს დინამო არენაზე საქართველოს პირველობის 28- ე ტურში დინამო თბილისმა საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი მიიღო. თბილისელებმა შეხვედრა დიდი უპირატესობით წარმართეს, ფეხბურთელებს მოტივაციას 13 მაისიც უორმაგებდა და საბოლოოდ სტუმართა კარში 7 უპასუხო ბურთი გაიტანეს.

ანგარიში მე- 15 წუთზე, ოთარ კაკაბაძის გადაცემის შემდეგ ძლიერი დარტყმით ვახო ჭანტურიშვილმა გახსნა. ორიოდე წუთში საბა ლობჟანიძე ასრულებდა შეტევას, მოგერიებული ბურთი კი მანვე გადააწოდა გიორგი პაპუნაშვილს და ანგარიში გახდა 2:0. ლობჟანიძეს, პაპუნაშვილს და ჩირგაძეს მომდევნო შეტევებშიც მართებდათ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ბოლო მომენტში მათ დარტყმულს სიზუსტე აკლდა. მე- 40 წუთზე პაპუნაშვილი შეიჭრა საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან, გადააწოდა ჩირგაძეს და გიორგიმაც მესამე გოლი გაიტანა ზუგდიდის კარში.

მეორე ტაიმში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა. დინამოელები ისევ უტევდნენ, სტუმრებმა კი იშვიათ კონტრშეტევაში თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან შოთა ლომია მივიდა, მისი დარტყმული კი დინამოს კარის ხარიხამ მოიგერია. შემდეგივე შეტევა დედაქალაქელებმა ტაბლოზე ასახეს. ჩირგაძემ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით მეორედ გაუტანა მანუჩარ ივარდავას 4:0. 77- ე წუთზე მასპინძლებმა ლამაზი კომბინაცია წამოიწყეს, ჩირგაძემ ქუსლით შეაყოლა ბურთი ოთარ კიტეიშვილს, მანაც ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი კი ხარიხამ მოიგერია. შეტევაში ჯაბა ჯიღაური ჩაერთო და ანგარიში 5:0 გახადა. თბილისელების მეექვსე გოლიც სანახაობრივი გამოდგა. ჯიღაურის გოლიდან სამიოდე წუთში პაპუნაშვილი-ჯიღაური-ჭანტურიშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელმა ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა და დუბლი გაიფორმა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი ჩირგაძემ ჭანტურიშვილის გადაცემით ჰეთ თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 7:0 დააფიქსირა.

მომდევნო, ბოლოს წინა ტურის მატჩს დინამოელები 17 მაისს ლანჩხუთში, გურიას წინააღმდეგ გამართავენ.

დინამო  7:0  ზუგდიდი

დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, რენე (ბუკორაცი 38), გველესიანი, შერგელაშვილი, ცინცაძე (კიტეიშვილი 70), პაპუნაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე (ჯიღაური 57), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე

ზუგდიდი: ივარდავა, აკობია, პაჭკორია, რიგვავა (კუკავა 46), მეგრელიშვილი, მაჩაიძე, კობერიძე (ქირია 46), კუტალია (ეხვაია 73), ენდელაძე, გუგუჩია, ლომია

გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი 15’  2:0 პაპუნაშვილი 17’  3:0 ჩირგაძე 40’  4:0 ჩირგაძე 66’  5:0 ჯიღაური 77’  6:0 ჭანტურიშვილი 80’  7:0 ჩირგაძე 90’

გაფრთხილება: კობერიძე 41’ ბუკორაცი 48’ შერგელაშვილი 64’ მეგრელიშვილი 83’ ეხვაია 85’ გველესიანი 90’

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024