ხვალ დინამოელები სლოვენიურ შეკრებაზე პირველ სპარინგ მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე მაკედონიის პირველობის მესამეადგილოსანი- ტეტოვოს შკენდია იქნება. შკენდია დასრულებული ჩემპიონატის შემდეგ 6 ივნისს შეიკრიბა, ხოლო სლოვენიური შეკრება გუნდმა 12 ივნისიდან დაიწყო.
მაკედონური კლუბი 1979 წელს დაარსდა. დაარსების მიზანი გახლდათ ისეთი კლუბის შექმნა, რომელსაც იუგოსლავიის ტერიტორიაზე მცხოვრები ალბანელები უგულშემატკივრებენ. გუნდის ოფიციალური ფერებია შავი და წითელი. საშინაო შეხვედრებს კი შკენდია ტეტოვოში Gradski Stadion- ზე მართავს, რომლიც ტევადობაც 15 000 მაყურებელზეა გათვლილი. შკენდია 2011 წელს გახდა მაკედონიის ჩემპიონი. 2012 და 2015 წლებში ბრინჯაოს მედლები მიიღეს შავ-წითლებმა. ორჯერ ითამაშა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიის თასის ფინალში- 2006 და 2013 წლებში. 2011 წელს კი შკენდიამ ჩემპიონობასთან ერთად სუპერთასიც აღმართა.
შკენდიამ 32 შეხვედრაში დაგროვებული 59 ქულით დაასრულა მაკედონიის ჩემპიონატი და 10 ქულით ჩამორჩა პირველადგილოსან ვარდარს. მეორე ადგილზე კი რაბოტნიჩკი გავიდა 66 ქულით. ტეტოვოელებს ალბანელი თავკაცი- ჟეტონ ბექირი წვრთნის.
ხვალინდელი დაპირისპირება სლოვენიის ქალაქ როგატეცში შედგება და თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.