დინამო თბილისი განაგრძობს მოსამზადებელ შეკრებას. გუნდმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის 21 წლის შემტევი- ბაჩანა არაბული. დინამომდე ბაჩანა საბურთალოში, დილაში, ესპანურ ალკორკონში და ცხინვალში ასპარეზობდა. დღეს გთავაზობთ ინტერვიუს გუნდის ახალწვეულთან.
ბაჩანა არაბული - გუნდში მოსვლის შემოთავაზება გია გეგუჩაძისგან მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი. ესეთ სახელოვან და ტიტულოვან გუნდში თამაში საკმაოდ პრესტიჟულია. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად ჩემთვის სასიხარულოა დინამოში ყოფნა.
2-3 ივლისს პირველი მატჩი გვექნება ევროთასებზე და შეკრებაზე დატვირთვის ქვეშ გვიწევს მომზადება. საჭიროა მაქსიმალურად მზად ყოფნა, რადგან ფაქტიურად ევროთასის პირველი თამაშიდან ერთ თვეში ჩემპიონატიც დაიწყება. ახალი მწვრთნელია გუნდში, ახალი ტაქტიკური მონახაზები იხვეწება და საჭიროა ყოველი დღის და ვარჯიშის მაქსიმალურად ათვისება. გუნდში ყველაფერი იდეალურადაა. დინამო ერთი დიდი ოჯახია და ამ კლუბს სხვანაირად არც შეეფერება.