• Geo
  • Eng
23.05.2024
ბათუმელებთან მატჩი 1-2 დავთმეთ

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა ბათუმის დინამოს უმასპინძლეს. მატჩის დაწყებამდე ჩვენი კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ დინამოელთა გოლკიპერი გიორგი ლორია სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ ლორიამ ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელთა ფორმით 100 გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა.

 

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში, კერძოდ დაცვის ცენტრში კი დებიუტი ჰქონდა 22 წლის ირაკლი იაკობიძეს. მოგეხსენებათ დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ალექსანდრე კალანდაძე, ნიკა უგრეხელიძე და ჯოშუა აკპუჯე ტოვებდნენ. თავად მატჩის პირველი ტაიმი თბილისელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ (აღსანიშნავია ოსკარ სანტისის და ვახო სალიას მწვავე მომენტები), შეხვედრის 39-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. საბა ხარებაშვილის ჩაწოდებული კუთხური ზუსტი თავურით ვასილიოს გორდეზიანმა დაასრულა 1-0. ტაიმის ბოლოს ჯერ დებიუტანტმა იაკობიძემ ითამაშა დამაჯერებლად და სტუმართა მწვავე შეტევა განმუხტა, საპასუხოდ კი დომინიკ საიმონს შეეძლო დედაქალაქელთა კიდევ უფრო დაწინაურება, თუმცა მოომენტიც გაფუჭდა და თავად ფეხბურთელმა კი ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. მეორე ტაიმის სტარტზევე ბათუმელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. ცოტახანში კი იდენტური კომბინაციიდან უერდი მარამ დააწინაურა სტუმრები და რაც მოგვიანებით გაირკვა - საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა. მეორე ტაიმში ორივე გუნდი უტევდა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ჯერ ოსკარ სანტისს მართებდა შეგდება, თუმცა მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა, საპასუხოდ კი ბათუმელთა კონტრშეტევაა აღსანიშნავი, რომელშიც სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. მსაჯის მიერ კომენსირებულ პერიოდში კი გიორგი მაისურაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც ნაადრევად დატოვა.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 27 მაისს ქობულეთში, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024