• Geo
  • Eng
17.05.2015
გურია vs დინამო - მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთში, ადგილობრივ გურიასთან გამართავენ. მატჩი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კოლმეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012/2013 სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და გურია

აპრილიდან ლანჩხუთის გურიას თავკაცად თეიმურაზ ლორიას ნაცვლად, გიგლა იმნაძე დაინიშნა. მას გურიაში ადრეც უმუშავია. დღეისათვის იმნაძის გუნდი 28 ჩატარებული მატჩიდან დაგროვებული 38 ქულით სატურნირო ცხრილის მე- 8 ადგილზე იმყოფება.

 

 

... დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ გურიამ პირველი მატჩი ზესტაფონთან გამართა და 1:0 დაამარცხა. შემდეგ 0:2 დამარცხდა შუქურასთან და ორჯერ ზედიზედ მოიგო. რუსთავის მეტალურგთან 1:0 და იმავე ანგარიშით ფოთის კოლხეთთან. შემდეგ იყო უგოლო ფრე გორის დილასთან და მარცხი მერანთან 0:1. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ვიტ ჯორჯიას 4:1 მოუგო და სამჯერ დამარცხდა მიყოლებით. 0:3 ცხინვალთან, 1:3 ტორპედოსთან და 1:2 ბათუმის დინამოსთან. ამას გურულებმა ორი გამარჯვება მიაყოლეს- ზუგდიდთან 5 უპასუხო გოლით და 3:1 სამტრედიასთან. ბოლო შეხვედრა გურიამ 1:2 დათმო საჩხერის ჩიხურასთან.

 

 

დინამო VS გურია

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 26 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 20 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდება 76/17 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2014 წლის 30 ნოემბერს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქესთან 1:2 დათმეს შეხვედრა. გურიას კარში გოლი შერგელაშვილმა გაიტანა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო, ხვალინდელ შეხვედრას გურიაც მცველი- ჯემალ გოგიაშვილი დააკლდება.

 

 

დინამო VS გურია - მსაჯი

გურიასა და დინამოს ხვალინდელ დაპირისპირებას- ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. კურტანიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ჯ. ხორავა და გ. დოგრაშვილი იქნებიან.სათადარიგო მსაჯი შ. ქუხილავა იქნება.

ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად ამა წლის 11 აპრილს მარტვილის მერანთან გამართული მატჩი იმსაჯა. ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ სამი მოთამაშე გააფრთხილა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 13 მაისს გამართული სამტრედია 0:1 დილა გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 146 თამაში / 496 ყვითელი / 20 წითელი / 20 პენალტი

პირველი ლიგა - 8 თამაში / 24 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი

საქართველოს თასი - 26 თამაში / 74 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

გურია. სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თებიძე - მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ცინცაძე, ღაღანიძე - მოსიაშვილი, ზოზულია, კოშკაძე, შალამბერიძე, გაბრიჩიძე - ისიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024